დავით კირკიტაძე - ვერ ვივლით იმის მიხედვით, რა განწყობა ექნება მელიას, თუმცა პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებსაც მისი სჯერათ, დაყვებიან ხოლმე შეკრებებზე, მაგალითად, ხატია და ვნახოთ, რა აზრისაა
ნიკა მელიას პოზიციები ცნობილი იყო და რამდენჯერმე შეიცვალა მიმართულება. არ გამოვრიცხავ, ხვალაც სხვა აზრი ჰქონდეს და ნამდვილად ვერ ვივლით იმის მიხედვით, რა განწყობით იქნება ბატონი მელია, თუმცა საქართველოს პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებსაც ნიკა მელიასი სჯერათ, ვნახოთ, დაუჯერებენ თუ არა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ ნიკა მელიას გუშინდელ ფეისბუქსტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.
კირკიტაძის თქმით, არ სურს, „ქართულ ოცნებას“ ევროინტეგრაციის გზაზე ჰქონდეს რაიმე სახის საფუძველი, დაადანაშაულოს ოპოზიცია, რომ არ მოქმედებდა ისე, როგორც ამას ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები და უცხოელი პარტნიორები ითხოვენ.
„უკიდურესად არასერიოზულია და გათვლილია საზოგადოების გარკვეულ ჯგუფზე, რომელსაც ობიექტურად აქვს პარლამენტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, მაგრამ ასე არ ხდება. სერიოზული ადამიანები ასე ხშირად არ იცვლიან პოზიციებს. ხან საერთოდ არ სურთ პარლამენტში შემოსვლა, შემდეგ სურთ და შემოდიან, ახლა უნდა გავიდეთო, ასე არ ხდება. საქართველოს პარლამენტს, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ყველაზე ნაკლები ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან, მთელი რიგი პრობლემები, აქვს მისიაც. ძალიან არ მინდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ დიდი მისიისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ჩვენს ევროინტეგრაციას ეხება, იპოვოს რაიმე სახის საფუძველი, დაადანაშაულოს ოპოზიცია, რომ არ მოქმედებდა ისე, როგორც ამას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები და უცხოელი პარტნიორები ითხოვენ ჩვენგან. ნიკა მელიას პოზიციები ცნობილი იყო და რამდენჯერმე შეიცვალა მიმართულება. არ გამოვრიცხავ, რომ ხვალაც სხვა აზრი ჰქონდეს და ნამდვილად ვერ ვივლით იმის მიხედვით, რა განწყობით იქნება ბატონი მელია, თუმცა საქართველოს პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებსაც ნიკა მელიასი სჯერათ, ვნახოთ, დაუჯერებენ თუ არა“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
კითხვაზე, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც ნიკა მელიასი სჯერათ, კირკიტაძე ამბობს: „არიან, დაყვებიან ხოლმე მას შეკრებებზე. მაგალითად, ხატია იყო და ვნახოთ, რა აზრისაა. ის და ხატია თანამოაზრეები არიან და ვნახოთ, რას გააკეთებს. ყველა ბოიკოტს აქვს თავისი საფუძველი და არის ხოლმე პარლამენტში შემთხვევები, როდესაც ეს პოლიტიკური აქტი ამართლებს და სხვაგვარად არც შეიძლება, მოიქცეს ადამიანი. ამიტომ ყველა პოლიტიკური აქტი უნდა იყოს ნაკარნახევი საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან და ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არა – რომელიღაც პოლიტიკოსი დღეს რა ხასიათზე გაიღვიძებს ან რითი შეეცდება, გარკვეული ამომრჩევლის გული მოიგოს“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. „მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“, – დაწერა ნიკა მელიამ.