დავით კირკიტაძე - საზოგადოება თუ გადაწყვეტს და ექნება სურვილი, რომ აიღოს მართვა, სამ თვეში იქნება ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, თუ საზოგადოება იქნება პასიური, იქნებიან კობახიძეები და მდინარაძეები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, დაეკანონებინა ამ არჩევნების მნიშვნელობა, ხელი შეეშალათ ადამიანებისთვის,თავისუფალი ნება გამოეხატათ, მათ გააკეთეს კიდევ ერთხელ მობილიზება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა იძალადა სახელმწიფო მოხელეებზე, განსაზღვრეს, რა დროს უნდა მისულიყვნენ უბანზე, ვისთან უნდა გაევლოთ რეგისტრაცია.
„მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა არჩევნების პროცესის დისკრედიტაციისთვის, ეს არჩევნები შედგა და „ქართული ოცნება“ დამარცხდა, დამარცხდა რუსთავში, მათ მიიღეს 39%, ოპოზიციამ 61. რუსთავის საკრებულო არის ოპოზიციური, რუსთავის მერს ეყოლება ერთიანი ოპოზიციური შეთანხმებული კანდიდატი. ეს არის გამარჯვება რუსთავის და რუსთაველების, ასე იქნება ყველა ქალაქში, სადაც ხელისუფლებამ ვერ მოახერხა გაეტეხა და ბოლომდე ეძალადა ქართველი ხალხის ნებაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, მათი კომისიის წევრებს, მათ გაუძლეს არაერთ ზეწოლას, ჩვენ ხელთ გვაქვს ყველა ოქმი. მეორე ტურში კი ღრმად ვარ დარწმუნებული საზოგადოების მხარდაჭერაში. რუსთავი ასახავს საქართველოს განწყობას, რუსთავში ცხოვრობს ჩვენი ლამაზი ქვეყნის ყველა კუთხის შვილი. თქვენ ნახეთ, რომ იყო განწყობა 61 პროცენტი მხარს უჭერს ოპოზიციას. ახლა დიდი ბოდიში და იმ ჟვანიაზე უარესმა ცესკო-ს თავმჯდომარეს რომ წარმოადგენს რა დაწერა, რა დაჯღაბნა, რა უნდა საერთოდ, მაგას მნიშვნელობა არა აქვს არსებითი. საღამოს რვა საათიდან, როცა უბნები დაიხურა დილის რვა საათამდე ხმის დათვლის საშუალება არ მისცეს ადამიანებს. დილის ექვს საათზე რუსთავის მხოლოდ ხუთი უბანი იყო ატვირთული. ესენი არიან ყალბისმქმნელი ფარისევლები, რას დაწერენ ესენი ამას საქართველოს მოქალაქისთვის მნიშვნელობა არა აქვს“, – განაცხადა კირკიტაძემ.
დავით კირკიტაძის განცხადებით, ხალხმა გარკვევით უთხრა ხელისუფლებას, რომ მისი ადგილი არის ოპოზიციაში.
„ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყაროს წარმოადგენს ხალხი, მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც გუშინ იყრიდა კენჭს და მწარედ დამარცხდა, რა ლეგიტიმური უფლება აქვს მას, რომ პარლამენტში წარმოადგინოს ხალხი და აქვს ლეგიტიმაცია მართოს ქვეყანა? თუ ხალხი წარმოადგენს ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყაროს, ხალხმა გარკვევით უთხრა, რომ მისი ადგილი არის ოპოზიციაში, რომ ოპოზიციამ კოალიციურად უნდა მართოს ქვეყანა. ახლა ჯერია საზოგადოებაზე, საზოგადოებამ უნდა დაიბრუნოს ქვეყნის მართვა, საზოგადოებამ უნდა აიძულოს პოლიტიკოსები პარტიები, საერთაშორისო აქტორები, რომ იარონ მოუსმინონ მათ. თუ საზოგადოება გადაწყვეტს და ექნება სურვილი, რომ აიღოს მართვა, სამ თვეში იქნება ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები. თუ საზოგადოება იქნება პასიური იქნებიან კობახიძეები და მდინარაძეები“, – განაცხადა კირკიტაძემ.
მისივე თქმით, ის მეორე ტურში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით გააცნობს საზოგადოებას.
„მეორე ტურს რაც შეეხება, მე დღეს არ წარმოვადგენ მხოლოდ იმ დიდ ოპოზიციურ ერთობას, რომელმაც მე დამიჭირა მხარი, მე დღეს წარმოვადგენ საზოგადოებას, რუსთაველებს და ჩემი გადაწყვეტილება იქნება მიღებული მას მერე, რაც ამ ხალხს დავეკითხები და მივიღებ მათგან პასუხს და დასტურს, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მეორე ტურში თუ ვიღებთ სხვა გადაწყვეტილებას და მთავარი ამოსავალი ჩემთვის არ იქნება ჩემი პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, განმსაზღვრელი იქნება ის რომელი საზოგადოების წევრიც მე ვარ და რომელიც ჩემთან ერთად იბრძოდა ხმების შესანარჩუნებლდ აი ამ საზოგადოებასთან ერთად მივიღებ“, – განაცხადა კირკიტაძემ.