დავით კირკიტაძე - საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს სტატუსს, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ
დავით კირკიტაძე - საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს სტატუსს, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ

ჩვენი პოზიცია არის, რომ საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს სტატუსს, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„საბოლოოდ დასაცავია ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ამიტომ 9 აპრილს, ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა გამოვიდეთ და ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ არა მხოლოდ სტატუსს, არამედ წევრობას ჩვენი ისტორიით, დღევანდელობით და მომავლის ხედვით. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად მივაღწევთ, რომ ჩვენი ქვეყანა ვიხილოთ სამშვიდობოზე და სამშვიდობო არის სწორედ ევროკავშირის საბოლოო წევრობა, რომელიც მოიტანს ჩვენი პენსიონერების, ხანდაზმულების ღირსეულ სიბერეს, ახალგაზრდებისთვის განვითარების არნახულ საშუალებებს და შეაჩერებს იმას, რასაც თქვენ უკეთებთ ამ ქვეყანას, ცლით ქართველი მოქალაქეებისგან. ცდილობთ, მოსახლეობას დაუკარგოთ საკუთარი ქვეყნის მომავლის რწმენა და აიძულოთ ისინი, დატოვონ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კირკიტაძემ.

მისი თქმით, არაევროპულია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ განსხვავებული აზრი მიუღებელია.

„როგორ დავიჯერო, თქვენ ევროპული ინტეგრაცია გინდათ და ჭავლით და გაზით უმასპინძლდებით ადამიანებს, რომლებიც ევროპული დროშებით არიან გამოსული ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. იმისთვის, რომ მოქალაქეებს დასავლეთ საქართველოდან არ მისცეთ საშუალება, თავიანთი აზრი გამოხატონ, გადაკეტეთ რიკოთის უღელტეხილი და ცდილობთ, ხელი შეუშალოთ ადამიანების თბილისში ჩამოსვლას“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.