დავით კირკიტაძე - „ქართული ოცნების“ პროვოკაციაში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია, სამწუხაროდ, მომიწია, ფიზიკურად დამეცვა ჩვენი ოფისის თანამშრომლები, მინდა, ყველას ვუთხრა, მზად ვართ მსგავსი გამოწვევებისთვის
„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ მოაწყო პროვოკაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ის ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე მიმავალ მომიტინგეებს ცოცხებით დახვდნენ.
კირკიტაძის თქმით, მას და მის მეგობრებს ფიზიკურად მოუწიათ ოფისის დაცვა.
„გუშინდელ ჩვენს ოფისზე თავდასხმაში და ამ პროვოკაციაში, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“, ყველა პირი არის იდენტიფიცირებული. ესენი არიან ის ხალხი, ვინც აქციაზე მომავალ მომიტინგეებს დახვდნენ ცოცხებით ქალაქის გამოსასვლელში. იქ გამოჩნდა რუსთავის აიპების და სსიპების ხელმძღვანელების ნაწილი. ასევე, ინციდენტის ბოლოსკენ იქ იყვნენ საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. ინციდენტის დაწყებისთანავე დავურეკე საპატრულო პოლიციას, გამოვიძახე სამართალდამცველები და ვიდრე მოვიდოდნენ, მე და ჩემს მეგობრებს ფიზიკურად მოგვიწია ოფისის დაცვა და იმ ღირსების, შეურაცხმყოფელი შეძახილების ატანა და მოსმენა, რომელსაც მათგან ჰქონდა ადგილი.
ასევე, მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც დაშავდა ჩვენი რამდენიმე თანამებრძოლი და მეგობარი. ჩვენ მოგვიწია ფიზიკურად დაცვა ამ ოფისის და ჩვენი მეგობრების, რა პერიოდშიც, სამწუხაროდ, მეც მომიწია ფიზიკურად ჩართვა პროცესში. თუმცა, მინდა, იცოდნენ რუსთაველებმა და ყველამ, რომ ჩვენ მზად ვართ, მსგავს პროვოკაციებს გავცეთ სათანადო პასუხი. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ოფისებს, ჩვენს თანამშრომლებსაც და საარჩევნო ხმებსაც“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
კირკიტაძის განმარტებით, დარწმუნებულია, გუშინდელ ინციდენტს რუსთაველები უპასუხებენ იმით, რომ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გუშინ მომხდარ ინციდენტზე სათანადო რეაგირება ექნებათ რუსთავში რუსთაველებს და ყველა სხვა ქალაქში, სადაც მეორე ტურია, რადგან თქვენ კარგად გახსოვთ, რომ პირველი ტურის წინაც ჩვენს ერთ-ერთ აქტივისტს თავს დაესხნენ, სასტიკად გაუსწორდნენ მას და რუსთავმა ამას უპასუხა იმით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იქ გაიმარჯვა. ასე იქნება მეორე ტურშიც და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი 30-ში მოძალადე ხელისუფლებას ამოარტყამს პანღურს. ამ ინციდენტს ხელმძღვანელობდნენ ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული ადამიანები, ავტომობილით, რომლის სახელმწიფო ნომერიც ჩვენ მიერ გამოქვეყნებულია.
ეს ადამიანი შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციასაც, ამის შესახებ პოლიციამ იცის. ეს ადამიანი არის რუსთავში მცხოვრები, ჩემი კონკურენტის, ლაცაბიძის ნათესავი, თუ არ ვცდები, კლდიაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, თუმცა პოლიციას უფრო დაწვრილებით უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რადგან ამ მანქანის სახელმწიფო ნომერიც ცნობილია და ერთ-ერთი პოლიციელის ხმაც ისმის ვიდეოში, რომელიც გამოვაქვეყნეთ, რომ იციან, თუ ვინ არის ეს ადამიანი.
ეს ხელმძღვანელობდა, შემსრულებელი პირები ყველასთვის ცნობილია. მნიშვნელობა არ აქვს, ახლა „ქართული ოცნება“ რას იტყვის, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს ოფისს დაესხნენ თავს, ჩვენთან მოვიდნენ, ჩვენ დავიცავით თავი. დარწმუნებული ვარ, ასე დავიცავთ თითოეულ ხმას, რომელსაც ამომრჩეველი ჩვენ მოგვცემს და „ქართულ ოცნებას“ გავუშვებთ ოპოზიციაში.
ბუნებრივია, მე ოფისში ვიყავი. ეს ადამინები განაგრძობდნენ თავდასხმას და სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენებას ჩემთვისაც, ჩვენი ოფისის თანამშრომლებისთვისაც. სამწუხაროდ, ვიდრე სამართალდამცველები მოვიდოდნენ, მე მომიწია, ფიზიკურად დამეცვა ჩვენი ოფისის თანამშრომლები. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას ვუთხრა, ჩვენ მზად ვართ მსგავსი პროცოკაციებისა და გამოწვევებისთვის. ჩვენ დავიცავთ როგორც ჩვენს თანამშრომლებს, ჩვენს ოფისებს, ასევე მიღებულ ხმებს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.