დავით კირკიტაძე - მიშელის განცხადებით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ჩვენი ადგილი ნამდვილად ევროკავშირშია, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ წევრი არ ვიყოთ, თუმცა ამ ბარიერს გადავლახავთ
ჩვენი ქვეყნის მეგობარმა, შარლ მიშელმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რითიც კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ევროპის გაფართოება შეუქცევადი პროცესია, ჩვენი ადგილი ნამდვილად ევროკავშირშია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
კირკიტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ და რუსეთის სახით ამ გზაზე ბარიერი რჩება, თუმცა ეს ბარიერიც გადაილახება.
„სამწუხაროდ, ამ გზაზე ორი ბარიერი რჩება: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ არც სტატუსი მიიღოს და არც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ვიყოთ; რუსეთის ხელისუფლების პოზიცია ისედაც იცოდით. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის სწრაფვა ისტორიულ ადგილზე დაბრუნებისკენ, რომ ამ ბარიერს გადავლახავთ, სტატუსს მივიღებთ და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდებით“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სლოვენიაში, სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გუშინ განაცხადა: „ჩვენი პოზიციაა გაწევრიანებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება, ასევე ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან“.