დავით კირკიტაძე - ნიკა მელია შეურაცხყოფას აყენებს ათასობით ადამიანს
ძალიან ვწუხვარ იმ პოსტის პათოსის გამო, რომელიც ნიკა მელიამ გამოაქვეყნა. ამით შეურაცხყოფას აყენებს ათასობით ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო თავმჯდომარის არჩევნებში, სხვათა შორის, არჩევნებში, რომლის საარჩევნო კომისია, ჩატარების წესი განსაზღვრა ნიკა მელიამ თავის დროზე და ის დამარცხდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
კირკიტაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ფეისბუქპოსტს, სადაც მელია აღნიშნავს: „გავიდა ცხრა თვე და არ გვინახავს ერთი გადაკეტილი ქუჩა, არ გვინახავს ერთი მასშტაბური აქცია, ბოლო უმასშტაბო აქცია კი „ვივამედთან“ სამი თვის წინ ვიხილეთ. ახლა, როდესაც ადამიანებმა, რომელთაც ქვეყანაზე, ცვლილებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეზე შეგვტკივა გული, გადავწყვიტეთ შეკრება, დაინიშნა ბათუმში „აქცია“. სწორედ ასე იქცევიან ერთობის შენარჩუნებისა და დისკუსიის ყველა მცდელობისას“.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ასე საუბრობს. ნამდვილად არ მიმაჩნია დღეს საჭიროდ მეტი კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება 7 ოქტომბერს მის მიერ დაანონსებულ რაღაც შეკრებას, სადაც აზრი უნდა ჰკითხოს ადამიანებს, თუ მას მიაჩნია, რომ რაიმე სახით ჩრდილს აყენებს ის მსვლელობა, რომელიც ბათუმში უნდა გაიმართოს, ჩვენ ამაზე დავსხდებით და ვიმსჯელებთ. ვინაიდან ამ ადამიანს გაუჩნდა ასეთი განცდა, არ მინდა, კიდევ ერთი საფუძველი მივცეთ, რომ მორიგი რამ იფიქროს, რაც ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ შეკრებაზე მისვლას, კირკიტაძემ აღნიშნა:
„მე ნამდვილად არ ვაპირებ მის ღონისძიებაზე მისვლას. მან დააანონსა იმ ადამიანებისთვის, ვისი აზრიც აინტერესებს და სურს, მათი აზრი გაითვალისწინოს. ჩემი აზრი რომ გაეთვალისწინებინა ცოტა ადრე, უკეთესი იქნებოდა, დღეს ნამდვილად არ ვიქნებოდით ამ მდგომარეობაში. არ მინდა, ამ კინკლაობაში შევიდე, ნამდვილად არ არის ამის დრო. არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც მე ამისთვის არ გვცალია და არც გვსურს ენერგიის დახარჯვა. ოპოზიციამ უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ რუსული ხელისუფლება მოვიშოროთ და არა ერთმანეთის კინკლაობაში დავხარჯოთ ძალა, ენერგია. ჩემი პასუხი ამ ბრალდებაზე იქნება ის, რომ ბრძოლა არის აუცილებელი რუს ოლიგარქთან და არა ერთმანეთში. ნამდვილად არ ვიძინებ, არ ვიღვიძებ და არ ვსაქმიანობ იმაზე ფიქრით, რას იზამს ნიკა მელია. მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.