დავით კირკიტაძე - დაველოდოთ ნიკა მელიას მომავალ პოლიტიკურ საქმიანობას, ასევე რიცხვს, რომელიც მან დააანონსა და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები
დაველოდოთ ნიკა მელიას მომავალ პოლიტიკურ საქმიანობას, ასევე რიცხვს, რომელიც მან დააანონსა და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
კირკიტაძეს კითხვა დაუსვეს ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს: „7 ოქტომბერს თბილისში ვიკრიბებით თანამოაზრეები მთელი ქვეყნიდან და ვიმსჯელებთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. არ გამოვრიცხავ, სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ღირსეულად დავშორდეთ“.
დავით კირკიტაძის თქმით, დღეს მნიშვნელოვანია ერთობა.
„არავითარი ჩრდილოვანი მმართველობა არ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“. პრობლემა იქნებოდა მაშინ, ეს რომ რეალობა იყოს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს უპრეცედენტოდ მაღალი ჩართულობით არჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტია ასე იმართება. „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს დიდ გამარჯვების კოალიციას. პირველი ნაბიჯები საკმაოდ წარმატებით უკვე გადადგმულია და ძალიან მალე ნახავთ მომდევნო ნაბიჯებს, რომელსაც კოალიცია გადადგამს.
რაც შეეხება ნიკა მელიას და მის მომავალ პოლიტიკურ პერსპექტივებს, ვისთან და რასთან იქნება დაკავშირებული, ყველას ვურჩევდი, დაველოდოთ 7 ოქტომბერს, რიცხვს, რომელიც მან დააანონსა. ასევე, მის მომავალ პოლიტიკურ საქმიანობას და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები. ჩვენ ხშირად გვახსოვს და გვინახავს არაერთი პოლიტიკოსის და ექსპერტის შეფასებები, რომლებიც არ ახდება ხოლმე და ხშირ შემთხვევაში მცდარია. ნაადრევი შეფასებებისგან თავს შევიკავებდი.
პერსონალურად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, დღეს მნიშვნელოვანია ერთობა და ერთობლივი ძალისხმევა იმისკენ იყოს მიმართული, რომ ბრძოლა გვქონდეს „ქართულ ოცნებასთან“, რომლის ყოველდღიური საქმიანობა გვაკარგვინებს ევროპულ პერსპექტივას და ჩვენს ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებისგან ცლის. 7 ოქტომბრის გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით აუცილებლად გეტყვით. ჩემთვის ამ რიცხვის შესახებ, რომელიც დასახელებული იყო ნიკა მელიას მიერ, გუშინ გახდა ცნობილი და ახლა არ შემიძლია, პასუხი გაგცეთ. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალს და ახლო წარსულს, გინახავთ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლაც, პარტიაში დაბრუნებაც, „ნაციონალური მოძრაობა“ გინახავთ კოალიციაშიც, ოპოზიციაშიც, ხელისუფლებაშიც და შემდეგ კიდევ ოპოზიციაში. ვნახოთ, დრო ყველაფერს გვიჩვენებს“, – განუცხადა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს.