დავით კირკიტაძე - დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ვნახოთ, რა რეაგირება ექნება საქართველოს ხელისუფლებას
მინდა, ყველა ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც მძიმე ვითარებაში სოლიდარულია და მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და გადაყვანას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
კირკიტაძე გამოეხმაურა ზელენსკის განცხადებას, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და სააკაშვილის უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდა.
„განსაკუთრებით მინდა, გამოვეხმაურო პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას. ბოროტებასთან ომში მყოფმა პრეზიდენტმა მოუწოდა ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს და გადაიყვანონ მისთვის შესაბამის გარემოში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. ჩვენ მუდმივად გვესმოდა საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ისინი დგანან უკრაინის გვერდით, რომ ისინი ითვალისწინებენ ჩვენი უკრაინელი მეგობრების, ომში მყოფი სახელმწიფოს თხოვნას და ასრულებდნენ მათ თხოვნებს. გუშინ და დღეს ჩვენ დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ვნახოთ, რა რეაგირება ექნება საქართველოს ხელისუფლებას. ისინი მართლა დგანან და ითვალისწინებენ ჩვენი უკრაინელი მეგობრების თხოვნას, თუ კიდევ ერთხელ ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და უარი უთხრან უკრაინის პრეზიდენტს ამ თხოვნაზე“, – განაცხადა კირკიტაძემ.