დავით კირკიტაძე - ჩვენ სერიოზული კითხვები გვაქვს გახარიასთან, ვიდრე ნათლად არ ჩამოაყალიბებს საკუთარ პოლიტიკურ იდეებს, მასთან რაიმე სახის თანამშრომლობაზე საუბარი ზედმეტია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, გახარია ვიდრე ნათლად არ ჩამოაყალიბებს საკუთარ პოლიტიკურ იდეებს, მასთან რაიმე სახის თანამშრომლობაზე საუბარი ზედმეტია.
კირკიტაძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „გახარიას პარტიასთან მომავალში კი არა, დღესაც ვთანამშრომლობთ“.
„ამის შესახებ ჰკითხეთ ბარამიძეს, ჩვენი პასუხი არის – არა, არა და კიდევ ერთხელ არა. ჩვენ გვაქვს სერიოზული შეკითხვები გახარიასთან. მისი პოლიტიკური ჯგუფისა და „ქართული ოცნების“ მოქმედებები, ნაბიჯები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ, ვიდრე თავად არ გაარკვევს, ნათლად არ ჩამოაყალიბებს საკუთარ პოლიტიკურ იდეებს, მასთან რაიმე სახის თანამშრომლობაზე საუბარი ზედმეტია“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
როგორც დავით კირკიტაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არცერთ საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიასთან კოალიცია არ აქვს.
„რუსთავის საკრებულოს მაგალითს რაც შეეხება, შეგახსენებთ, რუსთავის ბიუჯეტით იყო საშუალება ბავშვების უფასო კვების და ეს არ გააკეთეს. მხარი დაუჭირეს „ქართულმა ოცნებამ“ და გახარიას პოლიტიკურმა ჯგუფმა. გახარიას პოლიტიკურმა ჯგუფმა მოუსპო რუსთაველ მოსწავლეებს საშუალება, ჰქონოდათ უფასო კვება. დღეს რუსთავის ბიუჯეტი ამ სახით არის გახარიას გუნდისა და „ქართული ოცნების“ მჭიდრო თანამშრომლობის ნიმუში. არცერთ საკრებულოში ჩვენ არაფერი კოალიციური და მსგავსი არ გვაქვს, არც ტექნიკური თანამშრომლობა“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.