დავით ხაჯიშვილი - თავისუფალი არჩევნების ჩატარება თუ გვინდა, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და ამის შემდეგ ვნახოთ, ვინ ვის მოუგებს არჩევნებს
ჩვენს მეგობრებს კონგრესში ძალიან ზუსტი შეფასება ჰქონდათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ვფიქრობ, რომ ივანიშვილი და მისი პარტია აუცილებლად დასანქცირდებიან, რადგან მათ მძევლად ჰყავთ აყვანილი საქართველო და ვაჭრობენ საქართველოს მოსახლეობის მომავლით,- განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით ხაჯიშვილმა კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.
დავით ხაჯიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ სანქციები მხოლოდ მმართველ პარტიაზე არ აისახება, არამედ აისახება საქართველოს მოსახლეობაზეც.
„ჩვენს მეგობრებს ძალიან სწორი შეფასება ჰქონდათ გუშინ კონგრესში. ჩვენი აზრით, აუცილებლად დასანქცირდება ივანიშვილი და მისი პარტია იმ ქმედებისთვის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ დღეს ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი საქართველო, ჩვენი მოსახლეობა და ის ვაჭრობს ჩვენს მეგობრებთან, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვა, ისინი დასანქცირდებიან აუცილებლად, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს სანქციები მხოლოდ მათზე არ აისახება, ეს აისახება ჩვენს მოსახლეობაზე, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც კი იყო ერთი განცხადება, რომ ისინი დასანქცირდებიან, ამის შემდეგ როგორ გაუფასურდა ლარი, ინვესტორები უარს ამბობენ ქვეყანაში ფულის ჩადებაზე, ტურისტებმა გააუქმეს თავიანთი საგზურები საქართველოში და, სამწუხაროდ, ეს აისახება ყველაზე, რადგან ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი მთელი ქვეყანა და ვაჭრობს ჩვენი მომავლით. ეს პროცესი დასრულდება 26 ოქტომბერს, როდესაც ჩვენი მოსახლეობა უარს ეტყვის ივანიშვილს და მის პარტიას“, – განაცხადა ხაჯიშვილმა.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გათავისუფლებული.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის არის ქვეყნის მთავარი პოლიტპატიმარი და დიდი ალბათობა არის, რომ მის მიმართ განხორციელებული იქნეს ბოროტმოქმედი საქციელები. აქედან გამომდინარე, ამ შეფასებაშიც ჩვენს პარტნიორებს ვეთანხმებით და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, თუ გვინდა, თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და ამის შემდეგ ვნახოთ, ვინ ვის მოუგებს არჩევნებს“, – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.