დავით ხაჯიშვილი - ჩვენი მოსახლეობის ინტერესია მათი კეთილდღეობა და არა - ყოფილი ჩინოვნიკი ვის სად ხვდება, ადეიშვილის ვიზიტები არაა საქართველოს კონტექსტში
ჩვენი მოსახლეობის ინტერესია მათი კეთილდღეობა და არა – ყოფილი ჩინოვნიკი ვის სად ხვდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ხაჯიშვილი ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა.
„მოსახლეობას არ აინტერესებს, ყოფილი ჩინოვნიკი ვის სად ხვდება და რას აკეთებს, თუ არ ემსახურება საქართველოს. ამ შემთხვევაში,მისი ვიზიტები არაა საქართველოს კონტექსტში. ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს სულ სხვა საკითხები – ღირსეული დასაქმება, ფასების დაკლება, სტუდენტების თავიანთი პროფესიით დასაქმება. ესაა ჩვენი მოსახლეობის ინტერესი და არა – ყოფილი ჩინოვნიკი ვის და სად ხვდება. თავისუფალი სასამართლოს პირობებში გავიგებდით, ბრალდებულია, დამნაშავე თუ ასე შემდეგ. მოსახლეობის ინტერესია თავიანთი კეთილდღეობა“, – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად, ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას ესწრებოდა. შესაბამისი მასალა ბუნდესტაგის ვებგვერდზეა განთავსებული. აღნიშნულ სხდომაზე უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილებოდა. ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი – მსჯავრდებული.