„ბიბისის“ საგამოძიებო მასალის ავტორი წლების განმავლობაში ცდილობს, შემილახოს საქმიანი რეპუტაცია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც დავით კეზერაშვილი აცხადებს, „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებული მასალით მას საქმიანი რეპუტაცია შეელახა.
კეზერაშვილის თქმით, სასამართლოს წესით აპირებს, დაამტკიცოს საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა.
„პირველ რიგში, საგამოძიებო მასალის ავტორის შესახებ: ჟურნალისტი წარმოადგენს ისრაელის მედიასაშუალებას – The Times of Israel-ს (არა – BBC-ის) და ის წლების განმავლობაში ცდილობს, შემილახოს საქმიანი რეპუტაცია. ამის მაგალითად ისრაელის მედიაში გამოქვეყნებული მისი პუბლიკაციები გამოდგება. მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ავტორის მოტივაცია. აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ მისი მასალების დიდი ნაწილი ბევრ საკითხში უცნაურად ემთხვევა რუსული რეჟიმის ცრუ ნარატივებს, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩემს საქმიანობასთან მიმართებაში ყოველთვის განსაკუთრებულად აღელვებდა და აღელვებს რუსეთს. ახლა რაც შეეხება იმავე ავტორის მიერ გამოთქმულ ბრალდებას და ე.წ. ქოლცენტრების სქემასთან ჩემს დაკავშირებას, აქ მინდა, მეტ დეტალზე გავამახვილო ყურადღება: ტყუილია, თითქოს მე უარი ვთქვი ჟურნალისტთან თანამშრომლობაზე. არსებობს ავტორთა ჯგუფთან ჩემი იურისტების არაერთი კომუნიკაციის დამადასტურებელი დაახლოებით 50 გვერდიანი დოკუმენტები. აღვნიშნავ, რომ მის მასალებში არ მოხვდა ჩემი მხრიდან მიწოდებული არცერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც არგუმენტირებულად უარყოფდა მის ვარაუდებსა და დაშვებებს ე.წ. ქოლცენტრებთან ჩემი კავშირების შესახებ. რაც შეეხება ფილმის ეპიზოდს, როდესაც ჟურნალისტი ჩემს საცხოვრებელ სახლში მოდის და მე თითქოს მასთან საუბარზე უარს ვამბობ, ეს „სტუმრობა“ მოხდა დაახლოებით დილის 7 საათზე. მას სახლში დახვდა ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც, ბუნებრივია, მისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები ვერ ექნებოდა;
ტყუილია, თითქოს რამე კავშირი მაქვს ე.წ. მილტონ ჯგუფთან ან მასთან დაკავშირებული ქსელის საქმიანობასთან. ამას მასალის ავტორი თავადაც არაერთგზის ასკვნის: „არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი არცერთი დოკუმენტი, რომელიც კეზერაშვილს დააკავშირებს „მილტონის ქსელთან““… „რაც შეეხება „მილტონ ჯგუფს“, არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტიაც, რომელიც დააკავშირებდა კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მას ჰქონდა პირდაპირი ფინანსური ინტერესი „მილტონის ქსელის“ კომპანიებში“. თუმცა, მიუხედავად საკუთარი დასკვნისა, ის არათუ ძალაში ტოვებს, არამედ აძლიერებს ვარაუდს, რომ ქსელის სათავეში სწორედ მე ვარ;
ტყუილია, თითქოს მე იყავი ჩართული ტექკომპანიაში, რომელიც ქმნიდა სავაჭრო პლატფორმებს ე.წ. მილტონ ჯგუფისთვის. მასალაში არ არის და ვერც იქნება მსგავსი ფაქტების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი;
ტყუილია, თითქოს ჩემი რომელიმე კომპანია ამზადებდა ვებსაიტებს ე.წ. მილტონ ჯგუფისთვის. ჩემს არცერთ კომპანიას არასოდეს გაუკეთებია ბრენდინგი ან ვებდომეინი ამ სავაჭრო პლატფორმისთვის. ბუნებაში არ არსებობს მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შემყვანია მასალაში აღნიშნული ინფორმაცია, თითქოს ჩემი კომპანიის იმეილები და ე.წ. მილტონ ჯგუფის ვებსაიტები ერთსა და იმავე სერვერებზე მდებარეობდა. განვმარტავ: ჩემი კომპანიებისა და ჩემი იმეილის კიბერუსაფრთხოებას უზრუნველყოფს მესამე მხარე. იმის გამო, რომ ჩემი ელფოსტა არაერთხელ გამხადარა კიბერთავდასხმის ობიექტი, მომსახურე კომპანია მაღალი დაცულობის უზრუნველსაყოფად ხშირად ცვლის სერვერებს. მე არ მაქვს და ვერც მექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როდის რომელ სერვერზეა ჩემთან დაკავშირებული კომპანიები, ან რა ინახება სხვა ამა თუ იმ სერვერსა თუ ელფოსტის ე.წ. „ქლაუდზე“;
ტყუილია ცნობა, თითქოს ჩემი ბიზნესცენტრი კიევში არის „თაღლითური ქოლცენტრების სახლი“, რომელიც ყიდის კომპიუტერულ პროგრამებს (software). სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კიევში ჩემს კუთვნილებაში არსებულ კომერციულ შენობებში არასდროს უმუშავიათ თაღლითურ კომპანიებს. ასევე, არასდროს ყოფილა რაიმე ტიპის გამოძიება იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლთაც ამ შენობებში კომერციული ფართები აქვთ ნაქირავები. მანიპულაციურია საგამოძიებო ფილმში თბილისის პიქსელის შენობის ჩვენება, რომელთან დაკავშირებითაც ჩნდება აღქმა, თითქოს ის იფარავდა ე.წ. ქოლცენტრებს. მასალის ავტორთა მხრიდან ესეც აუდიტორიის შეცდომაში შეგნებულად შემყვანი ნაბიჯია: როგორც ცნობილია, საქართველოში ყოფნისას (ბოლოს 12 წლის წინ) სწორედ პიქსელის შენობაში ვქირაობდი ოფისის ფართს. გერმანელი გამომძიებლებისა და ფილმის ავტორთათვის ჩატარებული საჩვენებელი რეიდი კი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, „აქსის თაუერში“ ჩატარდა (რომელთანაც მე არასოდეს მქონია არც პირდაპირი და არც ირიბი კავშირი). გამოძიების ავტორებმა პიქსელის შენობის ჩვენებით გააძლიერეს აღქმა, რომ საკითხი სწორედ მე მიკავშირდება;
აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ „საქმის შესაკერად“ და ჟურნალისტური გამოძიების სასურველი მიმართულებით წარსამართად საქართველოს პროკურატურამ გამოძიების ავტორი მიიყვანა სწორედ იმ სპეციალურად შერჩეულ ქოლცენტრზე რეიდის გადასაღებად, რომელიც ჩემს ყოფილ პარტნიორსა და მეგობართან ასოცირდებოდა. უცნაურია, რომ საერთაშორისო კვალიფიკაციის ჟურნალისტს ჩემი მისამართით ბრალდებისთვის არ დასჭირდა მეტი სიღრმისა და დეტალის გარკვევა, არ გაუჩნდა შეკითხვები იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ქვეყანაში იყოს ტრანსნაციონალური დანაშაულის ჰაბი მისი ხელისუფლების ჩართულობისა და მფარველობის გარეშე. სამაგიეროდ, მან შეისწავლა ჩემი სოციალური ქსელები და განაცხადა, რომ მყავს 45 ფეისბუქმეგობარი, რომლებიც დაკავშირებული არიან ე.წ. მილტონ ჯგუფის თაღლითურ სქემასთან. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მასალის ავტორებმა არ წარმოადგინეს მტკიცებულება ამ 45 პირის შესახებ. რაც შეეხება ჩემს ფეისბუქგვერდს 2000-ზე მეტი მეგობრით, მათ დიდ ნაწილს პირადად არ ვიცნობ, იმათ ნაცვლად კი, ვისაც ვიცნობ, მიმეგობრია ან ვისთანაც საქმიანი კავშირი მქონია, პასუხს ვერაფერზე ვაგებ.
როგორც იცით, კრიტიკული მედია საქართველოში, მათ შორის „ფორმულა“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ, სისტემატურად აშუქებს ე.წ. ქოლცენტრების სახელისუფლებო სქემას. ფაქტებისა და დასაბუთებული მასალების არსებობიდან გამომდინარე, ჩვენ შევთავაზეთ საგამოძიებო ჯგუფს, რომ ჩასულიყვნენ თბილისში და ჩაეტარებინათ გამჭირვალე საგამოძიებო მოქმედებები საქართველოში მოქმედი კრიტიკული მედიების ხელშეწყობით, თუმცა მათ ამ შეთავაზებაზე უარი გვითხრეს იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ „ფორმულამ“ ჯგუფს გაუწია ყველანაირი დახმარება. მათ ტელევიზიას მიმართეს ეთერში გასული მასალებისთვის და ყველაფერი მიიღეს.
რადგანაც მე თვითონ ვარ მედიის მფლობელი, ვიცი, რომ ჟურნალისტი ვერ იქნება დაზღვეული შეცდომებისგან, თუმცა აღნიშნულ საგამოძიებო მასალაში ადგილი აქვს არაერთი ფაქტის განზრახ დამახინჯებას. რეპორტაჟში გამოთქმული ცრუ ბრალდებებისა და ვარაუდების დეტალურად განხილვა დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა აქ შევჩერდები და თავს უფლებას მივცემ, ვთქვა, რომ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებული ბრალდება არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემს წინააღმდეგ 2012 წლის შემდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი. მისი ნაწილი იყო ჩემი ექსტრადიციის მოთხოვნით დაწყებული რამდენიმე პროცესი, რაც საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა მიიჩნიეს პოლიტიკურად მოტივირებულად და არ დააკმაყოფილეს. ანალოგიური დასკვნაა ამ მხრივ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპული ინსიტიტუებისა და არერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებდამცავი ორგანიზაციის რეპორტებშიც. რაც შეეხება ჩემი სახელის ე.წ ქოლცენტრების თაღლითურ სქემებთან მიბმას, პირველად ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს სცადა 2020 წლის დასაწყისში, ამავე წლის მარტში კი ისეთი მაღალი სანდოობის ორგანიზაციამ, როგორიცაა OCCRP (Organized Crime and Corruption Reporting Project), გამოძიების შედეგად განაცხადა, რომ „ვერ მიაკვლია ვერცერთ მტკიცებულებას, რომელიც კეზერაშვილს დააკავშირებდა ქოლცენტრთან“.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ სასამართლოს წესით დავამტკიცო საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა. მაქვს ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემას სრული ნდობა და დარწმუნებული ვარ, ის გაიზიარებს ჩემი იურიდიული ჯგუფის არგუმენტებს, რომელიც უკვე ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს. საზოგადოებას ყველა ეტაპზე ეცნობება სამართლებრივი პროცედურების დეტალები“, – ნათქვამია განცხადებაში.