დავით კაჭარავამ აქციის მონაწილეებს მიმართა - კანონი არის ქართული, ჩვენ ამ გზაზე ვივლით და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი წინაპრების პატივისცემით
ეს არის ქართული კანონი, – ასე მიმართა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ აქციის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისისკენ მსვლელობას მართავდნენ.
ამ დროს დავით კაჭარავა ავტომობილით გადაადგილდებოდა, მას შეკრებილები გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მას რომელიმე ტელევიზიის დებატებში მონაწილეობა შესთავაზა, რაზეც დავით კაჭარავამ აღნიშნა, რომ კონსტრუქციულ საუბარს მიესალმება.
ამის შემდეგ დავით კაჭარავა ავტომობილიდან გადმოვიდა და ახალგაზრდებს მიმართა.
„ეს არის ქართული კანონი. ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია. ეს არის ქართული კანონი და ემსახურება საქართველოს ინტერესებს. ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის, რაც ავტომატურად ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ჩვენ ამ გზაზე ვივლით. ყოველდღიურად გავხდებით მეტად დამოუკიდებელი, ევროკავშირში მიგვიღებენ ამაყად, ფასეულობებით, წინაპრების პატივისცემით“, – მიმართა კაჭარავამ შეკრებილებს.