დავით კაჭარავა - ყველამ ერთად ბევრი შრომით უნდა შევქმნათ ჩვენი შვილების საქართველოს წარმატებული და უკეთესი მომავალი
ჩვენ ყველამ ერთად ბევრი შრომით უნდა შევქმნათ ჩვენი, ჩვენი შვილების საქართველოს წარმატებული და უკეთესი მომავალი, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, დავით კაჭარავამ ქუთაისში საარჩევნო პროგრამის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კაჭარავამ აღნიშნა, სპორტი აერთიანებს, აჯანსაღებს საზოგადოებას.
„სპორტი აყალიბებს ფასეულობებს, ისეთ უნარებს, როგორებიცაა გუნდურობა, პატივისცემა, სამშობლოს სიყვარული, მიზანმიმართულობა და ასე შემდეგ. სპორტი ორი ნაწილისგან შედგება – მასობრივი და მაღალი მიღწევების, პროფესიული სპორტი. ჩვენ უკეთესი მომავალი ჩვენთვის და უმეტესწილად ჩვენი შვილებისთვის გვინდა. მასობრივი სპორტი კი უკეთესი მომავლის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. სპორტი არის ჯანმრთელობა, ნაკლები კრიმინალი, ნაკლები ძალადობა, სპორტი ებრძვის ნარკოდამოკიდებულებას, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ეკონომიკასთან. ვარჯიშის დროს აქტიურდება ტვინის ახალი უჯრედები, ორგანიზმში გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი ენდორფინი, რაც ადამიანს აძლევს საშუალებას ბევრად უფრო პოზიტიურად შეხედოს გარემოს. პროფესიულ სპორტს, მაღალი მიღწევების სპორტს შევხედოთ – დამეთანხმებით, რომ ყველა სპორტსმენის მიზანია ეროვნული ნაკრების მაისური მოირგოს, სამშობლოს სახელით მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ საერთაშორისო ტურნირზე და ის წარმატებული სპორტსმენი, რომელსაც წილად ხვდა ეს შესაძლებლობა, ხვდება რომ იქ, მოედანზე, დარბაზში, ტატამზე, კორტზე შეუძლია დაამარცხოს სხვა ბევრად უფრო წარმატებული ქვეყნის გუნდები თუ სპორტსმენები. ეს წარმატება გადაედება საზოგადოებას და ჩნდება რწმენა, რომ ბევრი შრომით და სწორი ხელშეწყობით სხვა სფეროებშიც შესაძლებელია წარმატების მიღწევა. ამ წარმატებების გარშემო საზოგადოება და ქვეყანა ერთიანდება“, – განაცხადა კაჭარავამ.
მისივე თქმით, უნდა შეიქმნას გუნდები გამყოფ ხაზთან სოფლებში, რის გარშემოც სოფლის ახალგაზრდობა გაერთიანდება, გაძლიერდება და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს გამთლიანებისკენ.
„28 წელია, რაგბს ვთამაშობ, ჩვენ გვქონდა რთული პირობები. ჩვენს წინა თაობას ვიტყვი, რომ საერთოდ არ ჰქონდა პირობები და მათ მოახერხეს ჩვენამდე რაგბის მოტანა, რისთვისაც მინდა მათ დიდი მადლობა გადაუხადო. დღეს კი ბევრი შრომით, სწორი ხელშეწყობით მოხდა ის, რომ საქართველო მიიღეს ევროპულ ოჯახში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რვა ერის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რასაც ვულოცავ მთელს საქართველოს და ყველა მორაგბეს. ამ ყველაფრის გამო, ჩვენ ყველამ ერთად ბევრი შრომით უნდა შევქმნათ ჩვენი, ჩვენი შვილების საქართველოს წარმატებული და უკეთესი მომავალი“, – განაცხადა კაჭარავამ.