დავით კაჭარავა - მოვლენების ძალიან ცუდ განვითარებას ვხედავთ, რაც მიუღებელია, ოლივერ ვარჰეიმ პირდაპირ აღიარა თავისი სიტყვები, მსგავსი ფაქტების ხსენება არის შანტაჟი და მუქარა
მოვლენების ძალიან ცუდ განვითარებას ვხედავთ, რაც მიუღებელია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ განაცხადა.
კაჭარავას თქმით, ევროკომისარმა „ოლივერ ვარჰეიმ აღიარა თავისი სიტყვები“.
„მოვლენების ძალიან ცუდ განვითარებას ვხედავთ, რაც მიუღებელია. ადამიანმა პირდაპირ აღიარა თავისი სიტყვები. მსგავსი ფაქტების ხსენება არის შანტაჟი და მუქარა. ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს იცავს. მისი სიტყვების ციტირებაში ჩანს, რომ აღიარა. ეს ყველაფერი არის თანამედროვე ფაშიზმი – ოჯახის წევრების მიმართ მუქარა, ბავშვების შეურაცხყოფა, ოჯახის წევრების ბიზნესების დაშანტაჟება. ასეთი მეთოდები, გვახსოვს, როდის იყო“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
აღნიშნულ განცხადებას სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გამოეხმაურა. ვარჰეი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძესთან საუბრისას სლოვაკეთის ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.