დავით ჯავახაძე - ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფერო საქართველოს მთავრობისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია
ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფერო საქართველოს მთავრობისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია, რაც სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში მკაფიოდ არის ასახული, – განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით ჯავახაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით, ჩვენ ვასრულებთ საქართველოს ლოჯისტიკის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობას და ამ ორი დოკუმენტით ვაპირებთ, მთავრობას გაწერილი სექტორალური სტრატეგია წარვუდგინოთ“, – განაცხადა ჯავახაძემ.
მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკა მხოლოდ ანაკლიის პორტით არ შემოიფარგლება და ტრანსპორტის თითქმის ყველა სეგმენტში მსხვილმასშტაბიანი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.
„ანაკლიის გარდა, ცოტა ხნის წინ, ტენდერი ქუთაისსა და თბილისში ლოჯისტიკური ცენტრების განვითარების შესახებაც გამოვაცხადეთ; მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაცია; შენდება ავტობანი; მომავალი წლიდან ექსპლუატაციაში სრულად შედის ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტი და სამომავლოდ, ქუთაისის ლოჯისტიკური ცენტრის ამოქმედების შემდეგ არსებობს პოტენციალი, ქუთაისის აეროპორტს სატვირთო ტერმინალი დაემატოს, რაც ასევე ანაკლიაზე იქნება მიბმული. გარდა ამისა, გაიხსნა ახალი მოფრენის ტერმინალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების სამუშაოები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სამუშაოები აბსოლუტურად მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გაშლილი“, – განაცხადა ჯავახაძემ.