დავით ჯავახაძე - ადგილობრივ მოსახლეობას აქვს მოლოდინი, რომ ანაკლიაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება
ადგილობრივ მოსახლეობაში არის დიდი მოლოდინი, რომ ანაკლიაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით ჯავახაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ფიქრობენ ადგილზე მცხოვრები მოქალაქეები ანაკლიის განვითარებასთან დაკავშირებით და ხომ არ აშინებთ მათ სიახლეები, დავით ჯავახაძემ განაცხადა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უაღრესად პოზიტიური განწყობა აქვს.
„მას შემდეგ, რაც ანაკლიაში თავისუფალი ეკონომიკური ზონა განვითარდება, მოსახლეობის ნაწილს დასაქმება შეეძლება, ხოლო იმ ნაწილისთვის, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროშია ჩართული, გასაღების ახალი ბაზარი გაჩნდება“, – განაცხადა დავით ჯავახაძემ.