დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამინისტროში ელჩის დაბარება დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. მომხდართან დაკავშირებით საგარეო უწყებამ საქართველოს ელჩს განმარტებები მოსთხოვა.
„წუხილით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების სულისკვეთებას და ვაფასებთ ამას როგორც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების შექმნისკენ მიმართულ პროვოკაციას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის. თუმცა, ვითარება დროულად განიმუხტა და ადგილზე სრული სიმშვიდეა. უწყების ცნობით, ფაქტის შესწავლა უკვე დაწყებულია.
ამასთან, შსს-ის ინფორმაციით, დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა.
სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ დავით გარეჯში, სასაზღვრო მონაკვეთზე მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. დავით გარეჯშიმომუშავე გიდის ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ეკლესიიდან ხატების უნებართვოდ გატანა გახდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. თუმცა, მისივე თქმით, პრობლემა მალევე მოგვარდა.