სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს
დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე დაიბარეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თავად მიქელაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, გენერალურ პროკურატურაში ხვალ დაიბარეს, თუმცა კონკრეტული დრო, რომელ საათზე უნდა გამოცხადდეს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი. ამასთან მიქელაძე აცხადებს, რომ როგორც მას განუმარტეს, მოწმის სახით არის დაბარებული.
საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბრისას მან დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. მედიაში კი, გავრცელდა მიქელაძის მიერ, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება. დამატებით რატომ დაიბარეს პროკურატურაში მიქელაძე, უცნობია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და ამავდროულად სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე 2004-2005 წლებში კომისიის თავმჯდომარეც იყო.