დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, გირაოს მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ილიჩოვას ადვოკატმა სულხან კომახიძემ განაცხადა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება ქალბატონო ნატალიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში. ვითხოვთ გირაოს სახით 20 000 ლარის გამოყენებას. მიმაჩნია, რომ ხარისხიანი მართლმსაჯულების პირობებში არის ყველა პირობა იმის, რომ ნატალია გაათავისუფლონ პატიმრობიდან. საქალაქო სასამართლო რომ გადააგზავნის აპელაციაში ამ საჩივარს, შესვლიდან 72 საათი აქვს ვადა რომ განიხილოს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოქმედებდა კანონის შესაბამისად და მის მიერ განხორციელებულ მოქმედებებში უკანონობა არაფერია“, – აცხადებს ადვოკატი.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.