დავით გამყრელიძე - ჩემს ერთ-ერთ ფუნქციად ვხედავ, კოალიციამ მაქსიმალური კოორდინაცია მოვახერხოთ სხვა ოპოზიციურ ძალებთან, რათა 26 ოქტომბერს კოორდინირებულად დავაფიქსიროთ გამარჯვება
ჩემი ამოცანა იქნება, რომ კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ყველაზე კარგი შედეგი დადოს არჩევნებზე. პირადად ჩემთვის, ამ გუნდისთვის და ალბათ მთელი საზოგადოებისთვის მთავარი მიზანი უნდა იყოს, უზრუნველვყოთ რეჟიმის ცვლილება, – ამის შესახებ დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომელიც „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იქნება.
გამყრელიძის თქმით, თავის ერთ-ერთ ფუნქციად ხედავს სხვა ოპოზიციურ ძალებთან მაქსიმალურ კოორდინაციას.
„მინდა, მოგესალმოთ ყველას, მთელ ამ დიდ შემადგენლობას, რასაც „ძლიერი საქართველო“ ჰქვია, რასაც კოალიცია ჰქვია, მივესალმო მის ლიდერებს, მის საუკეთესო ნაკრებს ამ გუნდში გაერთიანებულს. მართლაც აღფრთოვანებული ვარ, რამხელა ინტელექტი, გამოცდილება, წარმატებული ისტორიები არის აქ თავმოყრილი. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ მე ჩემთვის ცოტა რთული გადაწყვეტილება მივიღე, გამოვედი კომფორტის ზონიდან და ჩავერთე ამ სერიოზულ ბრძოლაში. პირდაპირ რომ ვთქვათ, ომში, რომელიც გველოდება წინ. გველოდება იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რეალური ცვლილება მოხდეს. ჩემი ამოცანა, ამ ადამიანებთან ერთად, იქნება, რომ კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ყველაზე კარგი შედეგი დადოს ამ არჩევნებზე. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ამგვარი მიზანი პირადად ჩემთვის, ამ გუნდისთვის და ალბათ მთელი საზოგადოებისთვის უნდა იყოს და იქნება ის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ რეჟიმის ცვლილება, ივანიშვილის ამ რუსული ხელისუფლების დასრულება. აქედან გამომდინარე, ჩემს ერთ-ერთ ფუნქციად ვხედავ იმასაც, რომ კოალიციამ მაქსიმალური კოორდინაცია მოვახერხოთ სხვა ოპოზიციურ ძალებთან, რათა 26 ოქტომბერს კოორდინირებულად დავაფიქსიროთ გამარჯვება, სახლში გავუშვათ რუსული ხელისუფლება და საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე; კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ დაიწყოს თავისი იმ არაჩვეულებრივი პროგრამის და პრიორიტეტების განხორციელება, რაც ჩამოყალიბებულია და უკვე იყო ამის პრეზენტაცია. შესაბამისად, ყველამ გავაგრძელოთ ბედნიერი, ნორმალური ცხოვრება თავისუფალ და ევროპულ საქართველოში. სიმართლე გითხრათ, ეს არ ნიშნავს რაიმე ფორმით ჩემს პოლიტიკაში დაბრუნებას, მე არც დეპუტატობას ვაპირებ, არც პარტიული ცხოვრების გაგრძელებას, მე მხოლოდ ამ საომარი მოქმედებების დროს ვიქნები ხელმძღვანელი“, – განაცხადა დავით გამყრელიძემ.