დავით გაბაიძე - ჩვენც გვყავს ბავშვები და ოჯახის წევრები ლატარეაში არავის მოგვიგია, სახლებში მოვარდნები არ არის ნორმალური, ყველაფერს საზღვარი აქვს
დავით გაბაიძე - ჩვენც გვყავს ბავშვები და ოჯახის წევრები ლატარეაში არავის მოგვიგია, სახლებში მოვარდნები არ არის ნორმალური, ყველაფერს საზღვარი აქვს

ჩვენც გვყავს ბავშვები და ოჯახის წევრები ლატარეაში არავის მოგვიგია, სახლებში მოვარდნები არ არის ნორმალური, – ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმში „ნაციონალური მოძრაობისა“ და ორგანიზაცია „ალტერნატივას“ საპროტესტო აქციებს.

დავით გაბაიძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს კანონის ფარგლებში შეუძლიათ, ყველგან გამოხატონ პროტესტი, თუმცა ოჯახებსა და საცხოვრებლებში მივარდნები, გამოხატვის თავისუფლება არ არის.

დავით გაბაიძე არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორს ფაქტების შეფასებისკენ მოუწოდებს.

„უნდა გამოვეხმაურო და არ გაგიკვირდეთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ მრავალჯერ გავიმეორებ, ეს არის ოჯახებში და სახლებში მოვარდნები. სამწუხაროა, რომ ვერ მოვისმინე ვერც ერთი იმ პიროვნების შეფასება, ვისაც ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია. არ აქვს მნიშვნელობა, ის რიგითი მოქალაქეა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ოპონენტია, თუ არა, ეს არ არის ნორმალური მოვლენა. ეს შეიძლება იყოს მოარული სენი და დღეს თუ დავით გაბაიძის, ლადო მგალობლიშვილის და სხვების ეზოში მიდის ეს ხალხი, ხვალ, შესაძლებელია, თქვენ მოგივარდეთ. არ არის ეს ის პრეცენდენტი, რომელიც უნდა დავნერგოთ. ვიცი, მაქვს თმენის ვალდებულება და არანაირი ზედმეტი რეაქცია არ მქონია, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი საზოგადოების სიჯანსაღისთვის არ არის სასარგებლო და როდესაც ვიღაც წუხს, რომ ვიღაცის ბავშვები ამერიკიდან იყურებიან, წუხან ოჯახთან დაკავშირებით, ჩვენც გვყავს ბავშვები და არავის გვყავს ლატარიაში მოგებული ოჯახის წევრები, ყველა განიცდის ოჯახის წევრზე. ყველაფერს აქვს საზღვარი, რაც უნდა ის აკეთონ კანონის ფარგლებში“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.