დავით დონდუა - რუსეთი ცდილობს, ისე წარმოადგინოს თავი, თითქოს კონფლიქტში არაფერი ესაქმება და ჩვეულებრივი მომრიგებელია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება, რომელსაც სათანადო გამოძიება სჭირდება.
როგორც დავით დონდუამ ჟენევაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ შედგა ორმხირივი კონსულტაციები, ევროკავშირის გაერო-ს და ეუთო-ს თანათავმდჯომარეებთან და თანამოდერატორებთან.
მისივე თქმით, ორივე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს ის საკითხი, რომლის წამოწევაც დღევანდელი სამუშაო ჯგუფის ფორმალურ შეხვედრაზე უნდა დადგეს.
“მთავარი თემა ორივე სამუშაო ჯგუფში იქნება არჩილ ტატუნაშვილის საქმე, რომელსაც ამ ეტაპზე სჭირდება სათანადო გამოძიება. არც ერთმა მხარემ ხელი არ უნდა შეუშალოს ამ გამოძიებას, რათა გამოვლინდეს, ვინ არიან დამნაშავეები და ეს დამნაშავეები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. რაც არ უნდა დაადგინოს გამოძიება, ერთი რამ ცხადია, რომ ყველაფერზე, რაც მოხდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვინც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი, ეს არის რუსეთის ფედერაცია. რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, არამედ ამას უკვე რაღაც სახე მიეცა. 2014 წელს იყო ბაშარულის საქმე, შემდეგ ოთხოზორიას მკვლელობა და ახლა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. თუ ამას ყველაფერს პასუხი არ გაეცა, თუ დამნაშავეები არ წარდგნენ სასამართლოს წინაშე, არის საფრთხე, რომ მომავალში ვერ ავიცილებთ თავიდან ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებს. ეს იქნება მთავარი თემა ორივე სამუშაო ჯგუფში”, – განაცხადა დონდუამ.
მისივე თქმით, თემატიკის მიხედვით სხდომაზე განიხილება საკითხები, რომლებიც უსაფრთხოების გამოწვევებსა და იმ მძიმე ვითარებას ეხება, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
“შეხვედრაზე საუბარი იქნება აგრეთვე ძალის გამოუყენებლობის ერთობლივ განცხადებაზე. გუშინ თანათავჯდომარეებთან და ამერიკის დელეგაციასთან საუბარი გვქონდა ამ საკითხზე. მათ კიდევ ერთხელ შევახსენე, თუ რა არის ჩვენი პრიორიტეტები, ერთობლივ განცხადებაში რის მიღებას ვლამობთ და რას ველოდებით შემდგომში. ვნახოთ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის მხარე, ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, ეს გაწერილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფუძემდებლურ დოკუმენტში. დოკუმენტში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მხარეები არიან საქართველო, რუსეთი, აშშ, ამ ყველაფერს თანათავმდჯომარეობენ ევროკავშირის, გაერო-ს და ეუთო-ს წარმომადგენლები”, – აღნიშნა დონდუამ.
მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს, ისე წარმოადგინოს თავი, თითქოს კონფლიქტში არაფერი ესაქმება და ჩვეულებრივი მომრიგებელია.
„რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს კონფლიქტი არის ქართველებს-აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის. ეს არ არის რუსეთის რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა, ყველა კონფლიქტში, ყველა პრობლემაში, რუსეთი ცდილობს თავი ასე წარმოადგინოს, მაგრამ ერთია თვითონ შიგნით რას ამბობს. ფაქტი ის არის, რაც აღიარებულია საერთაშორისო სამართლით და იმ თანათავმდჯომარე ორგანიზაციებით, რომლებიც უძღვებიან მოლაპარაკებებს, აქ საკამათო არაფერი არ არის. რაც შეეხება ერთობლივ განცხადებას, ჩვენ ვცდილობთ, რომ მისი შინაარსი იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც აწყობს ქართველ მხარეს, სადაც იქნება გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული და რის მიღებასაც ვლამობთ”, – განაცხადა დონდუამ.