დავით დონდუა - ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ვთქვით, რომ ვაკეთებთ ყველაფერს ჟენევაში პროგრესის მისაღწევად, თუმცა ამ პრობლემის მხოლოდ ჟენევაში დატოვება სწორი არ იქნება
დავით დონდუა - ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ვთქვით, რომ ვაკეთებთ ყველაფერს ჟენევაში პროგრესის მისაღწევად, თუმცა ამ პრობლემის მხოლოდ ჟენევაში დატოვება სწორი არ იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა პირველ არხთან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას აფასებს.

დონდუას ინფორმაციით, დღის წესრიგის მთავარი თემა იყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით.

„ვაგრძელებთ პოლიტიკურ დიალოგს ნატო-სთან. ზაფხულის არდადეგების შემდეგ ეს იყო პირველი შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. დღის წესრიგის მთავარი თემა იყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით. ჩემს გამოსვლაში ვრცლად ვისაუბრე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ვაწყდებით ჟენევაში და ჟენევის მიღმა“,- განაცხადა დონდუამ.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ორი საათი გაგრძელდა, იყო დაისვა ბევრი კითხვა და იყო მხარდამჭერი განცხადებები.

„ძალიან დიდი ინტერესი იყო კოლეგების მხრიდან. შეხვედრა ორი საათი გაგრძელდა. იყო ძალიან ბევრი კითხვა და იყო მხარდამჭერი განცხადებები. ჩვენი მთავარი სათქმელი იყო, რომ ვაკეთებთ ყველაფერს ჟენევაში პროგრესის მისაღწევად, მაგრამ ამ პრობლემის მხოლოდ ჟენევაში დატოვება არ იქნება სწორი და მნიშვნელოვანია საქართველოს საკითხის შენარჩუნება საერთაშორისო დღის წესრიგში და უფრო მეტად, აქტიურად იყოს განხილული.

ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და თანადგომა. დღეს რუსეთის ფედერაცია არის პრობლემის ნაწილი და ძალიან რთულია საუბარი არამარტო ჟენევაში, არამედ ზოგადად კონფლიქტის მიმართულებით პროგრესის მიღწევაზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერით, რომ პირველ ეტაპზე სულ ცოტა განეიტრალდეს რუსეთი და ხელი არ შეუშალოს საქართველოს ახალი სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას, იმ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყოს გარანტირებული უსაფრთხოება, გამოინახოს გზები კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. დღევანდელი შეხვედრაც ამის დასტურია. ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“,- განაცხადა დონდუამ.