დავით დონდუა ჟენევაში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციამ ბრიფინგი გამართა ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით დონდუამ, ჟენევაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკების მიმდინარეობისა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს რუსეთსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად, ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს შუამავლობითა და აშშ-ის მონაწილეობით. დავით დონდუამ შეაფასა განვლილი 42 რაუნდის შედეგები და ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე.
მინისტრის მოადგილემ დეტალურად მიმოიხილა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკის მძიმე შედეგები. დავით დონდუამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე; საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრებაზე, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასა და უკანონო დაკავებების პრაქტიკაზე.
განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის გააქტიურებაზე, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები ახდენს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას და ემსახურება საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის სამშვიდობო ძალისხმევის მიზანმიმართულ დაბრკოლებას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლის აუცილებლობას.
დავით დონდუამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ურყევად მიუყვება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას და, მოსკოვისგან განსხვავებით, პირნათლად ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. მან ყურადღება გაამახვილა ასევე საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით.
საგარეო საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, ბრიფინგის მეორე ნაწილში კომენტარები გააკეთეს სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებმა, რომლებმაც ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ.