დავით დადუნაშვილის ადვოკატი - მივიღეთ პირობა, რომ უახლოეს პერიოდში მივიღებთ პასუხებს ყველა კითხვაზე, რომელიც ღიად იყო დარჩენილი
დავით დადუნაშვილის ადვოკატი - მივიღეთ პირობა, რომ უახლოეს პერიოდში მივიღებთ პასუხებს ყველა კითხვაზე, რომელიც ღიად იყო დარჩენილი

მივიღეთ პირობა, რომ უახლოეს პერიოდში მივიღებთ პასუხებს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ღიად იყო დარჩენილი, – ამის შესახებ ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ხათუნა მაღლაკელიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და დავით დადუნაშვილის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„როგორც იცით დავით დადუნაშვილი პოზიცია, ჩვენ რაიმე პოლიტიკური კითხვები არ გაგვაჩნია პრემიერ-მინისტრთან, თუმცა შეხვედრა იყო ძალიან ინფორმაციული. გვქონდა ჩვენი შეკითხვები. სახალხო დამცველთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად განვიხილეთ ეს საკითხები და მივიღეთ პირობა, რომ უახლოეს პერიოდში მივიღებთ პასუხებს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ღიად იყო დარჩენილი. მოგეხსენებათ, ლევან დადუნაშვილის ნაწილში განაჩენი დადგენილია, მკვლელობაში პირი მსჯავრდებულია, თუმცა ბატონი დავითის პოზიციაა, რომ ისევე იბრძოლებს სამართლებრივად, რომ დადგენილი იყოს დავითის მკვლელიც ბოლომდე. მასაც ჰქონდა ის კითხვები, რაც ზაზა სარალიძეს აქვს გამოძიებასთან. რა თქმა უნდა, ყველა დეტალი განვიხილეთ, ის ეჭვებიც, რაც პირადად მეც მაქვს საქმის მასალებიდან და სასამართლო განაჩენის გამოტანის შემდეგ“, – განაცხადა ხათუნა მაღლაკელიძემ.

მისივე თქმით, საუბარი ძალიან კონკრეტული არ ყოფილა, თუმცა პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრისგან შემდგომი შეხვედრებისთვის მზაობა დაფიქსირდა.

„კონკრეტულად ვერ გეტყვით, რადგან ჩვენ მიერ ამ შეხვედრაზე დასმული კითხვები და მიღებული პასუხები ჯერ არ არის იმდენად კონკრეტული, რომ რაღაც თქვენც გადმოგცეთ კონკრეტულად. უახლოეს პერიოდში ალბათ მივიღებთ პასუხებს იმ კითხვებზე, რაც გვაქვს. შემდეგი შეხვედრა დღეის მდგომარეობით არ ჩანიშნულა, თუმცა პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია იყო, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ნებისმიერ საკითხზე შევაწუხოთ, დავსვათ კითხვა და მივიღოთ პასუხი. ასე რომ, შეზღუდული არ ვართ შემდეგი შეხვედრებიდან“, – განაცხადა ხათუნა მაღლაკელიძემ.