დავით ცინდელიანის დედა - სააკაშვილისთვის ციხეში ყოფნაც არაფერია, იმდენი ოჯახი ჰყავს ატირებული, გაუბედურებული, როგორ გაბედა საქართველოში ჩამოსვლა
სააკაშვილისთვის ციხეში ყოფნაც არაფერია, იმდენი ოჯახი ჰყავს ატირებული, გაუბედურებული, როგორ გაბედა საქართველოში ჩამოსვლა, – განაცხადა „იმედის“ ეთერში 2008 წლის აგვისტოში გაუჩინარებული რეინჯერის, დავით ცინდელიანის დედამ, თამარ არღვლიანმა.
„ჩემმა ოჯახმა უსასტიკესი ტრაგედია განიცადა, სრულიად უდანაშაულო ჩემი შვილი და მამამისი თათბირზე დაიბარეს ქუთაისში მამას ხელიდან წაართვეს შვილი, წაიყვანეს, ბათუმში გემზე აიყვანეს, დახვრიტეს და ზღვაში ჩააგდეს. ზღვის ცხოველების ლუკმა გამიხადეს, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად. ექვსი წელი გაგრძელდა სასამართლო პროცესები იმ სადისტური მთავრობის ხელში, რომელსაც მეთაურობდა სადისტი, მკვლელი მიხეილ სააკაშვილი, სიკვდილის ბრიგადებით“, – განაცხადა დავით ცინდელიანის დედამ.
მისი თქმით, ორჯერ შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, მან კი რეაგირება არ მოახდინა.
„მაშინ მივხვდი, რომ მისი დაკვეთით მოხდა ყველაფერი. მისი ქილერი იყო შამათავა, რომელმაც დახვრიტა ჩემი შვილი. დაგვცინოდა, თავზე ლაფს გვასხამდა. ჩემი შვილი ხმამაღლა აკრიტიკებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამიტომ მოკლეს. ეს იყო შურისძიება. მისთვის ციხეც არაფერია, იმდენი ოჯახი ჰყავს გაუბედურებული. როგორ გაბედა საქართველოში ჩამოსვლა. სამუდამო პატიმრობაც არაფერია მისთვის. გონს მოეგოს „ნაციონალური მოძრაობა“, ხალხი ასე არ გაჩერდება. გაგვანადგურეს. ჩემი მეუღლეც ამ განსაცდელს გადაჰყვა. ბევრი ასეთი განადგურებული ოჯახია საქართველოში. არ ეშინია ღმერთის?“ – განაცხადა თამარ არღვლიანმა.
სატყეო დეპარტამენტის რეინჯერის, დავით ცინდელიანის გაუჩინარების და მკვლელობის საქმეზე სასამართლომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა ცნო დამნაშავედ. გამოძიების ცნობით, 2008 წლის აგვისტოში კუდ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იმჟამინდელი ხელმძღვანელობისაგან მიიღო დავალება, რომ მესტიის რაიონში მცხოვრები დავით ცინდელიანი თითქოსდა აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობის გამო, გასაუბრებისთვის თბილისში ჩაეყვანა, თუმცა მოგვიანებით, მიღებული დავალების შესაბამისად, ცინდელიანი ჩაიყვანეს ბათუმში და რომან შამათავას გადასცეს. საქართველოს შსს-ს ცნობით, დავით ცინდელიანი, რომელიც აფხაზებთან რაიმე კავშირს უარყოფდა, რომან შამათავამ თანამშრომელთან ერთად ნავით გაიყვანა შავ ზღვაში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და ცხედარი წყალში გადააგდო.