დავით ჭიჭინაძე - თუ იმ გზაზე ვდგავართ, რომ წარმატებული მინისტრები სახლში გავუშვათ, მაშინ „ქართულ ოცნებასაც“ მალე სახლში გაუშვებენ
თუ მთავრობა დიდ ნდობას ვერ მოიპოვებს, ავტორიტეტული არ იქნება, უავტორიტეტო პარლამენტის იმედად 2020 წლამდე ვერ მივალთ და ქვეყანას მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შევიყვანთ, კრიზისის განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება კი, ვადამდელი არჩევნებია – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.
დავით ჭიჭინაძემ გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების ჭრილში ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს, კახი კახიშვილს კი, გაერთიანებული უწყება უნდა ჩააბარონ.
„ცუდია, რომ ორ ადამიანს შორის არჩევანის გაკეთება გიწევს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი საზოგადოებრივი აზრია. ამომრჩეველთან აქტიური კომუნიკაცია მაქვს და საზოგადოებისგან კითხვა ისმის, დარჩება თუ არა თანამდებობაზე თეა წულუკიანი. როცა საუბარი კახა კახიშვილის შესაძლო პროკურორობაზე იყო, ამას ხალხი სიხარულით შეხვდა. როცა ისეთი კადრი გყავს, რომელსაც ხალხი მხარს უჭერს და პოპულარულია, არჩევანი მის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს და არა – პირიქით. კახიშვილი “ქართული ოცნების” მინისტრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრია და თუ იმ გზას ვადგავართ, რომ წარმატებული მინისტრები სახლში უნდა გავუშვათ და იმ მინისტრებს ვიტოვებთ, რომელთა მიმართ კითხვები არსებობს, „ქართულ ოცნებასაც“ მალე სახლში გაუშვებენ. თუ რიგგარეშე არჩევნების საყოველთაო მოთხოვნა იქნება, ის რესურსი შეიძლება გამოიძებნოს, რითაც საპრეზიდენტო არჩევნებამდეც შეიძლება დაინიშნოს. საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობა “ქართული ოცნების” მიმართ ნდობას დააფიქსირებს და აქედან გამოჩნდება, გაზაფხულზე საჭიროა თუ არა ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნები დამოკიდებული არც „ქართულ ოცნებაზეა“, არც „მოქალაქეთა კავშირსა“ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ იყო. ამას ქართველი ხალხი წყვეტს.
თუ მთავრობა დიდ ნდობას ვერ მოიპოვებს და ავტორიტეტული ორგანო არ იქნება, უავტორიტეტო პარლამენტის იმედად 2020 წლამდე ვერ მივალთ და ქვეყანას მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შევიყვანთ, კრიზისის განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება ვადამდელი არჩევნებია”, – დასძინა ჭიჭინაძემ.