დავით ჭიჭინაძე - პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში წარდგენილი სიითი შემადგენლობა ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს
სიითი შემადგენლობა, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაშია წარდგენილი, ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისია ხალხში ნდობის ასამაღლებლად უნდა შექმნილიყო.
„ვთვლით, რომ კომისია უნდა შექმნილიყო ხალხში ნდობის ასამაღლებლად. სიით შემადგენლობა, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, იწვევს ბევრ კითხვას. თუ ჩვენ ადამიანს მრავალი წლის განმავლობაში ვეუბნებით, რომ ის არის არჩევნების მთავარი გამყალბებელი და სიაშია ის ადამიანი, ასე სახელობით რომ გავყვეთ, ყველა ადამიანთან მიმართებაში კითხვებს იწვევს. არა მგონია, რომ ამ კომისიამ საზოგადოებაში ნდობა დააბრუნოს. ვთლი, მაინტერესებს და კითხვას ვსვამ, რა პრინციპით შეირჩნენ ეს ადამიანები, რომლებმაც იმის მაგივრად, რომ საზოგადოებაში ნდობა გააჩინონ, ვფიქრობ, უკურეაქციას გამოიწვევენ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, გაუგებარია, კომისიაში ოპოზიცია რატომ არის წარდგენილი უმრავლესობით.
მისივე თქმით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს, რადგან მიაჩნია, რომ ამ კომისიის მუშაობა შედეგიანი არ იქნება.
„კარგია, რომ კანდიდატების შერჩევაში ჩვენ არ ვღებულობთ მონაწილეობას. ჩემთვის გაუგებარია, პრაქტიკულად ყველა კომისიაში თანაბრად წარმოდგენილია ხელისუფლება და ოპოზიცია, ან ეს რატომ დავარღვიეთ და მეორე, ძალიან გასაოცარია, როდესაც თან აქეთ გვამადლიან, რამდენად მძიმე მისია უნდა იკისრონ, პროკურორის არჩევაშიც თურმე როგორ უნდა ჩაერიონ და ხომ არ ვაპირებთ შემთხვევით ხელისუფლებაც რომ გადავაბაროთ ამ ადამიანებს? რაღაც გაუგებარი ტექსტები ისმის ამ დარბაზში და ჩვენ თუ ვართ უმრავლესობის წარმოდგენილი და ჩვენ გაგვაჩნია ხალხის ნდობა, ვფიქრობ, ამ ქვეყანაში სამართლიანობის დანერგვის პრინციპი ჩვენზეა დამოკიდებული და არა იმაზე, რომ წარსულის გახსენება აღარ უნდათ ამ ადამიანებს. ეცხოვრათ ისე, რომ არაფერი გასახსენებელი არ ჰქონოდათ. მე ვთვლი, რომ ეს ადამიანები ამ ქვეყანაში ვერ დანერგავენ სამართლიანობის გრძნობას, ეს კომისია ვერ გამოიტანს იმას, რისი გულისთვისაც შეიქმნა და ამიტომ ვთლი, რომ ეს კომისია თავის შედეგს ვერ მოიტანს და მე ამ კომისიას მხარს არ დავუჭერ”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის 17-კაციან სიას კენჭს დღეს უყრიან.