დავით ჭიჭინაძე - შეიძლება ბევრი ნანობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვარ, მაგრამ ვიღაცის ხუშტურზე ვერ წავალ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის დატოვებას არ აპირებს.
როგორც პირველ არხს ჭიჭინაძემ განუცხადა, სანამ „ქართული ოცნება“ იქნება, პარტიის გვერდით დგომა მისი ვალია.
„გედი ფოფხაძეს უმრავლესობაში დაბრუნების გზა მოუჭრეს? – ბრძოლა დავიწყეთ, რომ ვინც ნაბიჯები უმრავლესობის რღვევისკენ გადადგა, უმრავლესობას ისინი მოვაშოროთ. სად უნდა წავიდე? აქ არავის მოვუყვანივარ, ჩემი ნებით ვარ მოსული და ვინ უნდა გამიშვას? ვთვლი, რომ სანამ „ქართული ოცნება“ იქნება, მის გვერდით დგომა ჩემი ვალია, რადგან რაც ხალხს დავპირდით, იმ დაპირების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღო, თორემ, აქ არც ვიღაცის ლამაზი თვალებისთვის მოვედი და აქედან ვიღაცის ხუშტურზეც ვერ წავალ. უმრავლესობის სხდომა ზუსტად იმიტომ უნდა გაიმართოს, რომ გაერთიანება შევძლოთ და თუ ვინმეს ბოდიში ექნება მოსახდელი, საკუთარ თავს უნდა მოვერიოთ და ბოდიში საზოგადოებას მოუხადოს, თუ რაღაც მომენტში ჩვენი ემოციები ვერ მოვთოკეთ. თუ სხდომა განხეთქილებისკენ იქნება მიმართული, გამართვას რა აზრი აქვს? შეიძლება, ბევრი ნანობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვარ. ვცდილობ, დაპირებები მაქსიმალურად იყოს შესრულებული“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.