დავით ჭიჭინაძე - სააკაშვილი ვერც არჩევნების შემდეგ ჩამოვა საქართველოში
სააკაშვილს, რომელიც დღეს ბოდიშს იხდის, როგორც ჩანს, ავიწყდება, როგორ ხდებოდა სწორედ მის დროს, იძულებითი საპროცესო გარიგებებით ხალხის გატყავება, ბინების წართმევა, ციხეებში ქონების გადაფორმება, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არც ერთი პოლიტიკური ძალა სააკაშვილს ქვეყნის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს არ აპატიებს.
„ვალებით გაივსო ქვეყანა მის დროს, როგორც საშინაო, ფიზიკური პირების, ისე საგარეო ვალებით! და თუ თავს ისევ დავიბრმავებთ და „ნაციონალებზე“ და „ოცნებაზე“ ვისაუბრებთ მხოლოდ, რა თქმა უნდა ამ ქვეყანას პერსპექტივა მართლა არ ექნება. მოკლედ, ვუსმინე სააკაშვილს და მისი ცნობილი ცრემლი დამაკლდა, გულაჩუყებული რომ ესაუბრება ხოლმე ხალხს. არადა მართლა რომ თვალსა და ხელს შუა იტყუება ყოველთვის.
ახლაც, წამლებზე საუბრობს და ოქრიაშვილი დაიბრუნა პარტიაში; სამრთლიანობაზე და მერაბიშვილი უდგას გვერდით… ჩვენ კი, ისეთი ხელისუფლებაც არ გვყავს, რომელიც ადეკვატურ პასუხს გასცემს. პირიქით, მისი ნამოღვაწარის ხარჯზე ცდილობენ ძალაუფლების გახანგრძლივებას, რადგან „ქართულმა ოცნებამ“, თუ რამე შესაჭმელი იყო გადარჩენილი, ბოლომდე შეჭამა და გამოხრა. ასე რომ, მე არ მგონია არც ერთი პოლიტიკური ძალა, „ნაციონალების“ გარდა , რომელიც სააკაშვილს აპატიებს იმ დანაშაულებებს, რაც ამ ქვეყნის წინაშე აქვს ჩადენილი.
ამიტომ, სააკაშვილი ვერც არჩევნების მერე ვერ ჩამოვა საქართველოში. ივანიშვილი კი, კვლავაც, როგორც არაერთხელ, შეეცდება სწორედ სააკაშვილი გამოიყენოს მაშველ რგოლად, რადგან სწორედ სააკაშვილია ივანიშვილის საყრდენი. ჩვენ კი ნამდვილად არ ვართ იმის ღირსი, რომ ამჯერადაც წარსულს და უიმედობას შორის გავაკეთოთ არჩევანი. დღეს თუ ვინმეა დასამარცხებელი, ეს ჩვენი უღირსი წარსულია, ის მევახშური წარსული, რომელიც დღესაც არსებობს და ბოგინობს!“, – წერს დავით ჭიჭინაძე.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პრემიერობის საკითხზე ვიდეომიმართვისას ისაუბრა. მას საქართველოში დაბრუნების თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრობა ორი წლით იტვირთოს. მანამდე გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.