დავით ჭიჭინაძე რომან გოცირიძეს - შავი სია თქვენი მოგონილია, სწორედ თქვენ დროს მოიგონეთ შავი სიები, ბნელი სიები და საერთოდ, ბნელი ცხოვრება 
დავით ჭიჭინაძე რომან გოცირიძეს - შავი სია თქვენი მოგონილია, სწორედ თქვენ დროს მოიგონეთ შავი სიები, ბნელი სიები და საერთოდ, ბნელი ცხოვრება 

ლადო გურგენიძემ და რომან გოცირიძემ აღიარეს, რომ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა დააწყებინეს, გურგენიძემ პრემიერობის დროს, გოცირიძემ კი, ეროვნული ბანკის მმართველობის დროს, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე სხდომაზე დავალიანების გამოსყიდვის შესახებ დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნული ინიციატივა ხალხის მოსყიდვად შეაფასა.

ჭიჭინაძემ რომან გოცირიძეს მიმართა, რომ ე.წ. შავი სია სწორედ მისი მოგონილია.

„კომპანია „ვივუსზე“ რომ საუბრობენ, ეს არის ლადო გურგენიძე, ამათი ფლაგმანი. ამ ორმა კაცმა, აღიარეს, რომ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა დააწყებინეს, იმან პრემიერ-მინისტრობის დროს, ამან ეროვნული ბანკის მმართველობის დროს. ეტყობა, ილუზიაში არიან, რომ ხელისუფლებაში მოვლენ და ხალხს სულს ამოხდიან, როგორც აკეთებდნენ. ზოგადად, შავ სიაზე რომ ლაპარაკობთ დღეს და ამას ასე უბრალოდ უყურებთ, ბატონო რომან, შავი სია თქვენი მოგონილია, თქვენ დროს მოიგონეთ შავი სიები, ბნელი სიები და საერთოდ ბნელი ცხოვრება. ყველაფერი თქვენ დროს არის მოგონილი და ახლა რატომ გიკვირთ. თქვენ იყავით ბანკირი ამ დროს, როდესაც შავი სია მოიგონეს, თუ იმან ჩაგანაცვლათ, პიონერი რომ გყავდათ თქვენს მერე, ქადაგიძე.

როდესაც ხალხის სარგებელზე საუბრობთ, რაც თქვენ ფული მოიპარეთ ამ ქვეყანაში, უბრალოდ, მოგპარათ კეზერაშვილმა, მერე დაგტოვათ ხახამშრალი, სთხოვეთ ახლა, 30-40 მილიონი გამოგიყოთ და თქვენც გადაუხადეთ ხალხს, მადლობას გეტყვიან. მაქსიმალურად ეცადეთ, ფული დაუბრუნოთ ხალხს, მიხედეთ ამას და არა იმას, თუ ვიღაც იხდის და ყიდულობს“, – მიმართა ჭიჭინაძემ გოცირიძეს.

დეპუტატმა მოსყიდვაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას მიწების ლეგალიზების საკითხი გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნამდვილად არ უნდა ისაუბროს ვინმეს მოსყიდვაზე.

„თავიდან მოსყიდულები ხართ, არა მარტო აქ, გარეთაც მოსყიდულები ხართ და გიხარიათ, როცა ამ ქვეყანაზე რაღაც გადატრიალებულს იტყვიან“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ მიერ დავალიანებების გამოსყიდვა არის ჩვეულებრივი კომერციული გარიგება, ასევე ხალხის მოსყიდვა, რომელშიც ეროვნული ბანკი არ უნდა იყოს ჩართული.

„ქვეყანაში წინასაარჩევნოდ ხდება დიდი ფულის პატრონი ადამიანის, ქვეყნის ოლიგარქის მიერ ხალხის მოსყიდვა. რატომ არის ჩართული ამ პროცესში ეროვნული ბანკი, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანო. თქვენთან გუშინწინ იყვნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და  მთავრობასთან, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, თამაშობდით შუამავლის როლს კერძო სუბიექტებს შორის. „ქართუ“ ფონდს სურს, ვიღაცებისგან იყიდოს ვალი. ჩვეულებრივ კომერციული გარიგებაა. შემდეგ ამ ვალს უნდა დაიტოვებს და ყურებით დაიჭერს ამ ადამიანებს, ან უნდა ჩამოაწერს. თქვენ რა ინტენსივობით ხართ ამაში დაკავებული“, – იკითხა სხდომაზე გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მიმართ.

დეპუტატის შეფასებით, ვალების გამოსყიდვა არის ფონდ „ქართუს“ წინასაარჩევნო აქცია.

კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დადგენილების პროექტი „საქართველოს 2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ წარადგინა.