დავით ჭიჭინაძე - როდესაც ეკონომიკაში ფულს არ ამუშავებ, გადასახადები არ შემოგდის და ფულს ვერ ანაწილებ, ეს ლარის კურსზეც აისახება და თითოეული ჩვენგანის მდგომარეობაზეც
როდესაც ეკონომიკაში ფულს არ ამუშავებ, გადასახადები არ შემოგდის და შესაბამისად, ფულს ვერ ანაწილებ, ეს ლარის კურსზეც აისახება და თითოეული ჩვენგანის მდგომარეობაზეც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს სახელმწიფო შესყიდვებს ვერ ახორციელებს.
„რადგანაც, ნებისმიერ ტენდერში უცხოური ვალუტის მდგენელი არის ძალიან დიდი და ჩადებულია 7-8-პროცენტიანი მოგების ზღვარი. ასეთი რყევების პირობებში კი ტენდერის ჩატარების შესაძლებლობა ნაკლებია. შესყიდვები არ ხდება – ე.ი.ფული არ იხარჯება; ფული არ იხარჯება – ე.ი. ეკონომიკა არ იზრდება. ეს ყველაფერი კი ჩვენს მთავრობას არც აინტერესებს. გამოდიან და თავის ბუღალტერიას ხატავენ: ანუ, მაშინ, როდესაც ცხოვრების დონე გაუმჯობესდა კი არა, სულ უკან და უკან მიდის, მთავრობა ხუთ და ექვსპროცენტიან ზრდებს გვაჩვენებს. მოკლედ, ბუღალტრულად ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ეკონომიკა რეალურად ნამდვილად ვერ გაიზრდება. და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც შენი ლარი სუსტება, რომელი ინვესტორი გაჩერდება ქვეყანაში ?! ინვესტორი გაიქცევა, აბა რას იზამს?
ისე კი, ზოგადად, ქვეყნის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა და ინვესტიციების მომზიდავი სამშენებლო სექტორი იყო, რომელიც დღეს პრაქტიკულად გაჩერებულია და ორი-სამი კომპანიის ხელშია გადასული. თბილისის მერია კი პოპულისტური განცხადებებითაა დაკავებული და მშენებლობების ნებართვებს შერჩევით იძლევა.
საქმე კი ის არის, რომ ათასობით ადამიანს, რომელთაც ნაკვეთები ჰქონდათ შესყიდული, სტატუსები შეუცვალეს და ამით რეალურად ეს ხალხი დააზარალეს. ანუ, გენგეგმა კი არაა პრობლემა, არამედ არაპატიოსანი მოხელეების სიმრავლე, რომელიც ცდილობს, ეს ყველაფერი სათავისოდ მოიწყოს და მიითვისოს, მერია კი ამის საშუალებას იძლევა.
მოკლედ, დღეს ქართული ეკონომიკა ისეთ ჩიხში შედის, საიდანაც გამოსავალი უახლოესი ორი-სამი წელი არ იქნება“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.