დავით ჭიჭინაძე - რამდენიმე ასეულ მილიონად შეფასებული ქონება ნათია თურნავამ 7 მილიონ დოლარად გაასხვისა
არსებობს ყოფილი ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის, ჩვენება დღევანდელ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავაზე, სადაც საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონ ლარად შეფასებული ქონების 7 მილიონი დოლარის ექვივალენტ ლარებში გასხვისებაზე, – ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.
როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, ბაინდურაშვილმა, ჩვენება 2013 წელს ფინანსურ პოლიციაში მისცა, როდესაც ხელმძღვანელი ფარცხალაძე იყო.
„მოგვიანებით ფარცხალაძე პროკურორი ხდება, საქმე კი თაროზე ინაცვლებს, როგორც არა ერთი საქმე მაღალ ეშელონებში არსებულ კორუფციულ ფაქტებზე. 13 მილიარდიანი ბიუჯეტი კი, კორუფციის ისეთ გასაქანს აძლევს ბევრს, რომ შევარდნაძის დროინდელი კორუფციაც კი ვერ მივა ამ დონემდე. ამის ერთ მაგალითად მინისტრი თურნავაც საკმარისია, ხან ბიზნესს რომ ემსახურება და ხანაც მინისტრის მოადგილეა, ან მინისტრი. ბაინდურაშვილი ჩვენებაში ადასტურებს, რომ მისი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მოხდა მანამდე უკვე გაკოტრებული სს„თბილსრესის“ სამეურვეო ქონების აუქციონის წესით გაყიდვა და ასახელებს თურნავას, ენუქიძეს, მიქელაძეს. მისი განმარტებით, სს „თბილსრესის“ გაკოტრების საქმის წარმოებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ფინანსთა სამინისტროში კურირებდნენ მაშინდელი მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე და მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძესთან“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
მისივე თქმით, გარიგება „საქართველს ინდუსტრიულ ჯგუფს“ და სამინისტროებს შორის ხდებოდა.
„ბაინდურაშვილის ჩვენების მიხედვით კი: „მე არაფერს მეკითხებოდნენ, თვითონ დაალაგეს ყველაფერიო.“ არადა, რამდენიმე ასეულ მილიონად შეფასებული ქონება 7 მილიონ დოლარის ექვივალენტ ლარებში გაასხვისეს და გარდა იმისა, რომ მაშინდელი სავალუტო კურსი გაცილებით დაბალი იყო, არც ერთი პირობა დღემდე შესრულებული არ არის. კერძოდ, სამეურვეო ქონების გადაცემის შემდგომ, კორპორაციას შესასრულებლად განესაზღვრა ვალდებულება, არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრამდე სს „თბილსრესის“ ტერიტორიაზე აეშენებინა 100-150 მგვტ. სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე თბოსადგური, რაც არ განხორციელებულა“, – აცხადებს ჭიჭინაძე.