დავით ჭიჭინაძე - პარტიიდან კი არა, საზოგადოებიდან გარიცხვა როგორ უნდა, მაგათ ვაჩვენებ
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ მის მგავსად, “ქართული ოცნების” რიგებიდან ბევრს გარიცხავენ, რადგან პარტიის ხელმძღვანელობას დასჯის მექანიზმად ეს ფორმა მიაჩნია.
როგორც პირველ არხს ჭიჭინაძემ განუცხადა, ის თავისი ამომრჩევლის ნებას იცავდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა და პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ყოფილიყო.
“პარტია თავისუფალი ადამიანების შეკრება და ამომრჩევლის პოლიტიკური ნების განხორციელების ორგანოა. ჩემი ამომრჩევლის ნებას ვიცავდი, რომ ქვეყანაში სამართლიანობა, მორალური სახელმწიფო და პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ყოფილიყო. თუ ვინმეს სიმართლე არ მოსწონს და მხოლოდ შელამაზებული ამბები მოსწონს, ასეთი ბევრი პარტია მყავს ნანახი, ბევრი გამქრალა კიდეც. ქართველი ხალხის „ქართული ოცნება“ რჩება და მე მათთან ერთად ვრჩები. თუ პარტიული დისციპლინა ირაკლი კობახიძეა, მისი უღირსი განცხადებები გაიხსენონ, რომელიც დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებდა, რაც პარლამენტარიზმისთვის შეურაცხმყოფელია. ყველა იმ საშიშროებას გრძნობდა, ვის მიმართაც შემდეგი გალაშქრება მიმიწევდა და ხელი სასწრაფოდ მოაწერეს. ვინც ხელს აწერს, მათ მიმართ კითხვები არსებობს”, – აცხადებს ჭიჭინაძე.
დეპუტატი ამბობს, რომ კოალიციაში ბევრი პარტიაა და დროებით რომელიმეში გადავა.
„ალბათ, უმრავლესობიდან ამ პარტიებსაც გარიცხავენ, რომელსაც ყველაზე ძალიან უჭირს, იქ გადავალ. იმდენად არასერიოზული გადაწყვეტილება მიიღეს, მათ ასეთივე არასერიოზულობით ვპასუხობ. ალბათ, ეს იმათი გადაწყვეტილებაა, ვისაც ხელმომწერებში ხედავთ. ერთმანეთს კარგად უგებენ. ჩემს გზას გავაგრძელებ, იგრძნეს, რომ ვადამდელი არჩევნები ახლოვდება და მაგას მაინც ვერ გადაურჩებიან. საზოგადოება დამეხმარება, რომ ქართულმა პარლამენტმა ამ შემადგენლობით თავისი რეალური მხარდაჭერა და რეალური სახე დაინახოს. ჩემს ამომრჩეველს მოვთხოვ, რომ დაანახოს, ესენი რას წარმოადგენენ. პარტიიდან კი არა, საზოგადოებიდან გარიცხვა როგორ უნდა, მაგათ ვაჩვენებ. ამაში ჩვენი საზოგადოება დამეხმარება. ბევრს მიადგებიან, ალბათ, გონიათ, რომ დასჯის მექანიზმი ესაა. დეპუტატს რა თავისუფლებაც სჭირდება, ის მომანიჭეს. ვისთანაც პიროვნული ურთიერთობა მაქვს, არ მგონია, ამის გაფუჭება შეძლონ”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.