დავით ჭიჭინაძე - „ნაციონალები“, შალვა ნათელაშვილი, თაკო ჩარკვიანი და დანარჩენებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში, ოღონდ ხელმოწერის გარეშე
„ნაციონალები“, შალვა ნათელაშვილი, თაკო ჩარკვიანი და დანარჩენებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში, ეს ე.წ. ხელმომწერი ოპოზიცია იმდენად სუსტად გამოიყურება „ქართული ოცნების“ ფონზე, სრულიად ოპოზიციას აზარალებს, – ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მანდატის მქონდე ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწეროს.
„მხოლოდ „ნაციონალები“ კი არა, შალვა ნათელაშვილი, თაკო ჩარკვიანი და დანარჩენებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში. ეს ე.წ. ხელმომწერი საპარლამენტო ოპოზიცია იმდენად სუსტად, იმდენად უსუსურად გამოიყურება „ქართული ოცნების“ ფონზე, რაც სრულიად ოპოზიციას, ყველას აზარალებს. პირადად ნიკა მელიაც აუცილებლად უნდა შევიდეს, თვალებში ჩახედოს იმ ადამიანებს, ვინც ორჯერ დაუჭირა მხარი მის დაჭერას და საპარლამენტო ტრიბუნიდან ჰკითხოს მათ – რა პირადი ბოღმა აქვთ მისი ასეთი?! მით უმეტეს, რომ საუბარია ისეთ დეპუტატებზე, ვისაც მანდატი ხალხმა კი არ მიანიჭა, ბიძინა ივანიშვილმა აჩუქა. მოკლედ, ოპოზიციური ერთიანობის შესანარჩუნებლად უნდა შევიდნენ, ოღონდ რა თქმა უნდა, ხელმოწერის გარეშე. დანარჩენი კი, დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს პერიოდი აუცილებლად დადგება, რადგან „ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნების უნარი უბრალოდ აღარ გააჩნია, მაგრამ, ჩვენი პრობლემების მოგვარება თავადაც უნდა ვისწავლოთ იმიტომ, რომ მუდმივად „ბიძია მიშველეს“ ძახილით დასავლეთში სირბილი არ მგონია, ვინმეს ღირსებას მატებდეს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.