დავით ჭიჭინაძე - მშვენივრად ვგრძნობ თავს იმ ფრაქციაში, სადაც ვარ, სადაც ვიჯექი, იქ ვიჯდები
დავით ჭიჭინაძე - მშვენივრად ვგრძნობ თავს იმ ფრაქციაში, სადაც ვარ, სადაც ვიჯექი, იქ ვიჯდები

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის მიუხედავად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომებზე მაინც ივლის. როგორც დეპუტატმა პირველ არხს განუცხადა, პარტიიდან მისი გარიცხვა მიმდინარე წლის აპრილშიც იგეგმებოდა, თუმცა მაშინ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ფორმა, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ სამდივნომ მიმართა, არადემოკრატიულია და არც ერთ ნორმაში ჯდება.

„სამდივნოს გადაწყვეტილება  პარლამენტარების შეურაცხყოფაა, რადგან მათ კოლეგის მიმართ ემოციურ დონეზე გაუგებარი გადაწყვეტილება გამოიტანეს. როგორ შეიძლება, გადაწყვეტილება ხუთ წუთში მიიღო. ასე სწრაფად სად შეიკრიბნენ, ეტყობა, ტელეფონით შეთანხმდნენ და მედიის საშუალებით გამაგებინეს მეც და პარტიის წევრებსაც. ვინაიდან, ამ საკითხს არასერიოზულად მოექცნენ, ასეთივე პასუხი დავუბრუნე. მედიის საშუალებით ვამბობ, რომ მათი გადაწყვეტილება არადემოკრატიულია, განსაკუთრებით, როცა დემოკრატიის ახალი დამცველი გამოგვიჩნდა, ზაქარია ქუცნაშვილის სახით. მთელი „ქართული ოცნების“ დემოკრატიის, ეთიკისა და მორალის სახეს ზაქარია ქუცნაშვილი წარმოადგენს.  განცხადება, რომელიც ჩემს გარიცხვას ეხებოდა იუმორია და მათ იუმორით ვპასუხობ – მაგათ მიმიღეს? მოიტანონ ბლანკი, სადაც ჩემს მიღებას ხელს აწერენ. ვინ მიმიღო, არ ვიცი. ვინ დააკმაყოფილა, არ ვიცი, ალბათ, გიორგი კვირიკაშვილმა. აპრილში ჰქონდათ, უმრავლესობის სხდომის ჩატარების მცდელობა. ჩემი გარიცხვა აპრილში უნდოდათ, როცა მათ პირველად დავუპირისპირდი”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

დეპუტატი „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ უკმაყოფილოა, როგორც ყოფილი აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების, რადგან მან განაცხადა, რომ ოპოზიცია უფრო აფასებს, ვიდრე თავისი გუნდი.

„ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ ბატონებს ქვეყანაში ისეთი გარემო არ შეუქმნიათ, რომლითაც ამომრჩეველს სურვილი არ ექნებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო. ინტერვიუში ჩანდა, რომ მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას რამდენად ლაღი და ბედნიერი იყო, მაგრამ ხელისუფლების დაკომპლექტებაზე თავს უხერხულად გრძნობდა. ბზარი გაჩნდა და სურვილიც კი არ აქვს, საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელოს და ვინმეს ნაცვლად, ვალდებულება აიღოს. გამოჩნდება, თუ არის ჩემი საკითხი ივანიშვილთან შეთანხმებული. ჩემს თვალებს და ყურებს ვენდობი. გინახავთ მისი განცხადება ან ხელმოწერა? არც მე. ეს გარიცხვა არ არის, ჩემთან გასაუბრების გარეშე ჩემი კონსტიტუციური უფლება დაირღვა. უფლება მქონდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში ინფორმაცია მიმეღო და ვერ მივიღე“, – განაცხადა დეპუტატმა.

ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს.

„დეპუტატის განსხვავებული აზრის გამო  გარიცხვის ცივილიზებული სამყაროს ერთი მაგალითი მაინტერესებს”, – აღნიშნავს ჭიჭინაძე.

დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ისევ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ის „ქართული ოცნების” დისკრედიტაციას ახდენს.

„ქართული ოცნება“ ზურგს უკან ძახილი არ არის. „ქართულ ოცნება“ არის ღირსეული საქციელი და ბედნიერი ცხოვრება. კობახიძეს თავისი პარლამენტის თავმჯდომარეობით კი, თავისი „ქართული ოცნება“ ზედმეტად აუხდა, მაგრამ ეს არ არის ქართველი ხალხის ოცნება. ეს ადამიანები შეურაცხყოფილი არიან, ანგარიში არავის გაუწიეს. უმრავლესობის უმრავლესობა უმრავლესობიდან ჩემს წასვლას მხარს არ დაუჭერს. არსად გავდივარ, მშვენივრად ვგრძნობ თავს იმ ფრაქციაში, სადაც ვარ. სადაც ვიჯექი, იქ ვიჯდები. აქეთ ერთი მეგობარი მიზის, იქეთ – მეორე. ფრაქციის სხდომებზე ვივლი. ფრაქციის გადაწყვეტილება გინახავთ? „ქართულ ოცნებას“ უღირსი წევრები უნდა ჩამოშორდნენ. ისე არ გააკეთონ, რომ ესენი მე გავუშვა. ამის მექანიზმები არსებობს და ეს ხალხია”, – დასძინა ჭიჭინაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება 18 ივლისს მიიღო.