დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, მსესხებლებს კრედიტებზე ვალდებულება უნდა შეუჩერდეთ
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, მსესხებლებს კრედიტებზე ვალდებულება უნდა შეუჩერდეთ.
ამის შესახებ დავით ჭიჭინაძემ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორსმაჟორს საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, თუმცა ბანკებს ხელშეკრულებებიდან ეს მუხლი ამოღებული აქვთ.
ჭიჭინაძის თქმით, ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს კრედიტების გადახდა სამი თვით გადაუვადეს. დეპუტატის შეფასებით, რეალურად ადამიანებს კრედიტი და შესაბამისად, კრედიტზე პროცენტი ეზრდებათ.
„ძალიან ბევრი საუბარია ბანკებთან მიმართებაში, რომ სამი თვით გადაუვადეს ადამიანებს პროცენტის გადახდა. რეალურად ხდება ახალი სესხები გაცემა და არაფრის გადავადება, რეალურად ადამიანებს ეზრდებათ კრედიტი და პროცენტიც შესაბამისად ემატებათ ამ კრედიტზე. სამოქალაქო კოდექსში არის ასეთი მუხლები, 348-ე, 398-ე და 401-ე, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ ქვეყანაში არის ფორსმაჟორული სიტუაცია, ეს მარტო საგანგებო მდგომარეობას არ ეხება, თუ მაგალითად, ცუდი ამინდიც არის, კომპანია ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას, ამასაც კი, ფორსმაჟორი ჰქვია. სამწუხაროდ, ჩვენმა ბანკებმა 2008 წლის მერე ხელშეკრულებებიდან ამოიღეს ეს მუხლი, ფორსმაჟორი. რეალურად, კანონი არეგულირებს ამ ხელშეკრულებებში ფორსმაჟორის არსებობას, შესაბამისად, ეს გულისხმობს ვალდებულებების შეჩერებას ორივე მხარის მიმართ. თუ ჩაიკითხავთ ამ მუხლებს, ვნახავთ, რომ ეს არის ახალი გარემოებები. ამ ახალ გარემოებებს სჭირდება ახალი ხელშეკრულება, ანუ თუ არ ხდება ახალი შეთანხმების დადება, ხელშეკრულება ამ მომენტში ბათილად მიიჩნევა. როდესაც 21 მარტს ჩვენ ვამტკიცებდით საგანგებო მდგომარეობას, საპარლამენტო მდივანს დავუსვი კითხვა ფორსმაჟორთან მიმართებაში. მან მიპასუხა, რომ ეს არის ხელშეკრულებებით დარეგულირებული“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
დეპუტატს მიაჩნია, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი კოვზანაძემ, როგორც ეკონომიკური საბჭოს წევრმა, უნდა დააყენოს აღნიშნული საკითხი, რომ ადამიანები ამ პირობებში საერთოდ გათავისუფლდნენ ვალდებულებებისგან.
„რადგანაც ხელშეკრულებებში არ დევს ეს მუხლი და შეგნებულად ამოღებული აქვთ ბანკებს, ვფიქრობ, თქვენ, როგორც ეკონომიკური საბჭოს წევრმა, უნდა დააყენოთ ეს საკითხი, რომ ადამიანები გავათავისუფლოთ ამ პირობებში. უამინდობა თუ ფორსმაჟორია, ვხედავთ, გარკვეულწილად საზღვრები ჩაიკეტა, ჩინური კომპანია იყო თუ რაღაც, ყველას უჩერებენ იმ მომენტში ვალდებულებებს, სანამ ვერ ხდება რაღაცის შემოტანა-გატანა. ადამიანები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და ამ ყველაფრის გამო ხდება რაღაცების გადადება, მაგრამ რა ფენომენი არის ბანკებთან მიმართებით, რომ მათთან მიმართებაში ამას ვერ ვამუშავებთ, რადგან სილამაზის სალონები იქნება, ტანსაცმლის მაღაზიები, ბაზრობები იქნება თუ სხვა, ადამიანებს სამსახურში არ ვუშვებთ და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს არის პირდაპირი ფორსმაჟორი, თან მით უმეტეს კონსტიტუციაში წერია, როცა ეპიდემია არის ქვეყანაში, საგანგებო მდგომარეობა ცხადდება და საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვაუქმებთ გარკვეულ მუხლებს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ კომიტეტის სხდომაზე.