დავით ჭიჭინაძე - მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა ნანახი მაქვს და ისიც ვნახე, რისი თავი აქვთ
მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა ნანახი მაქვს და ისიც ვნახე, რისი თავი აქვთ ამ ადამიანებს, – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობის „ტრიბუნა“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე გიორგი მარგველაშვილის და გიორგი კვირიკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას.
„ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ქვეყნის სასიკეთოდ არც ერთს არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი. შეგიძლიათ, ნახოთ მათი განვლილი გზა და დაასახელოთ თუნდაც ერთი კარგი რამ გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც ჩვენ ქვეყანას გამოადგება.
თუ მარგველაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ გარიგება არ ჰქონდა, რატომ თქვა უარი მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე?! მით უმეტეს, რომ ოპოზიცია მხარდაჭერას ჰპირდებოდა.
არც ერთი კრიტიკული მომენტი არ მახსოვს, როდესაც მან „ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგობა გაუწია და ის, რომ ვეტოებს ადებდა რაღაცებს, ეს გართობას უფრო ჰგავდა, რადგან მაშინ „ოცნებას“ დეპუტატების იმხელა რესურსი ჰქონდა, რომ ვეტოს დაძლევა სეირის ყურება იყო, მეტი არაფერი“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.