დავით ჭიჭინაძე - მამუკა ხაზარაძის წარსული ალი ბაბა და 40 ყაჩაღს უფრო ჰგავს, ვიდრე 12 მოციქულს
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას დაგვიანებულ გამოფხიზლებას უწოდებს.
„12 ლიდერს ვეძებო, მოციქულები მგონია 12-თან დაკავშირებით. ისე, მისი წარსული ალი ბაბა და 40 ყაჩაღს უფრო ჰგავს, ვიდრე 12 მოციქულს. პოლიტიკას ცოტა სხვა ენა ახასიათებს და ვურჩევდი, მეტად ორიენტირებული იყოს ხალხის ბედნიერებაზე და არა ლიდერების ძებნაზე. ლიდერები, ბიზნესის გაგებით, არ ზრუნავენ ხალხისთვის, ისინი ფიქრობენ საკუთარი კომპანიის გამდიდრებაზე. ხაზარაძეს თუ უნდა, რომ საკუთარი პარტიის წევრების გამდიდრებაზე იფიქროს, ვფიქრობ, ძალიან ცუდად დაამთავრებს. არ მგონია, რომ ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანებს ძარცვავდა, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
დეპუტატი გამოეხმაურა ხაზარაძის მოძრაობის სახელწოდებასაც.
„მსოფლიო ჩემპიონატია ახლა რაგბიში. საქართველოს ნაკრებს სპონსორი ჰყავს „თიბისის“ სახით და ეტყობა უნდა, ესეც მიითვისოს. სხვათა შორის, ბევრი სპონსორი იყო რაგბიში, მაგრამ პოლიტიკაში ეს არავის გამოუყენებია. მის მერკანტილურობაზე მეტყველებს ეს“, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.
მამუკა ხაზარაძემ დღეს ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაცია გამართა. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში.