დავით ჭიჭინაძე - ლევან სურგულაძის ჩამოსვლა ქვეყანას თვეში 15 ათასი ლარი უჯდება
საქართველოში ჩამოხვედით და ქვეყანას თვეში 15 ათასი ლარი უზიხართ, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სურგულაძეს.
ჭიჭინაძისა და სურგულაძის დიალოგი ამ საკითხზე საპენსიო ფონდთან დაკავშირებით დავით ჭიჭინაძის კითხვას მოჰყვა.
დეპუტატის თქმით, დეკლარირებული იქნა, რომ ქვეყნის კვალიფიციური მუშახელი წავა და საზღვარგარეთ კანონიერად იმუშავებს.
„ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ამ გადინებას, ყოველწლიურად 100-150 ათასი კაცი რომ გადის ქვეყნიდან, საპენსიო ბაზა რომ მცირდება, არ იმოქმედებს“? – ჰკითხა სურგულაძეს ჭიჭინაძემ.
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნიდან ვიღაც გადის, მაგრამ ვიღაც ჩამოდის.
კითხვაზე ვინ ჩამოდის, სურგულაძემ აღნიშნა, რომ თავად ჩამოვიდა, ასევე რამდენიმე მისი მეგობარიც.
„მაგალითად, მე ჩამოვედი, ჩემი ბევრი მეგობარი და სხვებიც ჩამოვიდნენ“, – უპასუხა სურგულაძემ დეპუტატს.
აღნიშნულს დავით ჭიჭინაძე რეპლიკით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სურგულაძის ჩამოსვლა ქვეყნას თვეში 15 ათასი ლარი უჯდება.
„თქვენ, რომ ჩამოხვედით ახლა რა? თქვენ ჩამოხვედით, ქვეყანას 15 ათასი ლარი დაუჯექით თვეში. სჯობდა, არ ჩამოსულიყავით“, – მიმართა ჭიჭინაძემ სურგულაძეს, რაზეც სურგულაძემ უპასუხა, რომ შემოსავალი ათჯერ მეტი ჰქონდა.
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოს დირექტორს, ლევან სურგულაძეს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.