დავით ჭიჭინაძე - ხაზარაძეს ამერიკული მხოლოდ დოლარები უყვარს, თორემ მან „ბორჯომიც“ კი, რუსებს მიჰყიდა, საიდან გვაქვს გარანტია, რომ ანაკლიის პორტსაც რუსებს არ მიჰყიდდნენ
პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს ფსევდოდასავლურობაში ადანაშაულებს.
ჭიჭინაძე ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი კომენტარი „ტრიბუნას“ პრესსამსახურმა გაავრცელა.
„მამუკა ხაზარაძეს ამერიკული მხოლოდ დოლარები უყვარს, თორემ მან „ბორჯომიც“ კი, რუსებს მიჰყიდა და საიდან გვაქვს იმის გარანტია, რომ ანაკლიის პორტსაც რუსებს არ მიჰყიდიდნენ“, – აცხადებს ჭიჭინაძე.
მისი თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ყველას კარგად ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 35 ნავსადგურზე გათვლილი პროექტი „ლაზიკა“, საიდანაც 100 მილიონი ტონა ტვირთი უნდა გადაეტვირთათ.
„როგორ შეიძლება, დღეს, როდესაც პროექტის ინვესტიცია ერთ მესამედამდეა შემცირებული, მაინც 100 მილიონ ტონა ტვირთზე ვსაუბრობდეთ?! თანაც ნაყარ ტვირთებზე არასოდეს ყოფილა საუბარი, მხოლოდ საკონტეინერო ტვირთებზე. ამიტომ მაინტერესებს: რატომ გაჩნდა ნაყარი ტვირთები? რატომ დაიწყო „მაერსკისთვის“ და მასთან მოთანამშრომლე კომპანიებისთვის ხელის შეშლა და მონოპოლიის მოთხოვნა რატომ გაჩნდა შავ ზღვაზე?! და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იგივე კონკრეტულად ხაზარაძის ჯგუფის მიერ! რადგან მათ სისხლში აქვთ მონოპოლისტობა და ამას „ბორჯომის“ ისტორიაც ადასტურებს, როდესაც მათ გენერალური ლიცენზიის ხელში ჩაგდება უნდოდათ. შეხსენებისთვის, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, თუნდაც წყლის რესურსებით აპირებდნენ ცხოვრებას, აი ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის წყალი მიჰყიდა რუსებს, კერძოდ კი, „ალფა“ ჯგუფს და დღეს, „ბორჯომის“ ყიდვა რომ ვინმეს მოუნდეს, მოსკოვში უნდა ჩავიდეს და იქ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
მისი შეფასებით, მონოპოლისტობა ამ ჯგუფის ბუნებრივი მოთხოვნილებაა.
„ეს საბანკო სექტორსაც ეტყობა, ორი ძირითადი მოთამაშეა და იქაც მონოპოლისტები არიან. აბა, თუ მართლა რამის გაკეთება უნდოდათ, ვინ უშლიდათ ხელს? მითუმეტეს, რომ მაშინ პრემიერად კვირიკაშვილიც ყავდათ, რომელმაც 130 მილიონი გამოუყო მიწების საყიდლად, გარანტიებიც შეუქმნა და საპენსიო რეფორმაც მათთვის მოაწყო და არა, ადამიანების ღირსეული სიბერისთვის. ისე, ვინაა დარწმუნებული, რომ იმ მიწებში ფული არ გაკეთდა ან ვინ არის იმ ფულზე პასუხისმგებელი. პირადად მე, 2018 წლის თებერვალში ვიყავი პორტში, სადაც ხუთი ძროხა დადიოდა და ორი ტრაქტორი“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.