დავით ბერძენიშვილი - „ქართულ ოცნებაში“ მმართველობის ბოლო თვეებს ითვლიან, სექტემბრიდან იქნება ორი გაერთიანება, ერთი - სააკაშვილთან, მეორე ზურაბიშვილთან დაახლოებული პოლიტიკური ჯგუფების
„ქართულ ოცნებაში“ საკუთარი მმართველობის ბოლო თვეებს ითვლიან. ყველა წინამორბედი, რომელიც იმუქრებოდა, მწარედ დამარცხდა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
დავით ბერძენიშვილის თქმით, სექტემბრიდან ოპოზიციურ ფლანგზე იქნება ორი პოლიტიკური გაერთიანება. როგორც დავით ბერძენიშვილმა განმარტა, ერთი იქნება სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური პარტნიორების, ხოლო მეორე – სალომე ზურაბიშვილთან დაახლოებული პოლიტიკური ჯგუფების.
„სააკაშვილი არის ოპოზიციის ერთი ნახევრის, ან ნახევარზე ცოტა ნაკლების, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პარტნიორი პოლიტიკური ძალების ლიდერი. ის ახლა ძალიან ცდილობს, ითამაშოს კონსტრუქციული როლი და ამბობს, რომ ამას დავთმობთ, იმას დავთმობთ, საარჩევნო ნომერს დავთმობთ და ა.შ. არის ორი ვერსია – გრანდკოალიცია, ანუ ერთიანი დიდი სია ნეიტრალური ნომრით; და მეორე, იქნება მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური პარტნიორები – ერთი, მეორე იქნება სექტემბრიდან, რასაც ვეძახი პატარების დიდ გაერთიანებას, თუმცა იმ პატარებიდან ზოგი ახლა წამოიზარდა, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილთან ყველაზე ახლოს არიან. კარგია, რომ ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ მეტი ტაქტიკური დაახლოების შესაძლებლობები იქმნება. მე ვვარაუდობ, რომ იქნება დიდი გაერთიანება, რომელსაც ექნება პრეტენზია, გახდეს ოპოზიციის ლიდერი. კოალიციაზე პრეტენზია ექნება 7-8 პოლიტიკური ჯგუფის გაერთიანებას, რომლის პარტნიორი კონკურენტი ოპოზიციურ ფლანგზე იქნება 5 ნომერი“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ამავდროულად, დავით ბერძენიშვილის შეფასებით, „გირჩმა“ თავისი ქმედებებით ოპოზიციის მიღმა დაიყენა თავი.
„ჯერ ერთი, ამ აქციებისადმი დამოკიდებულებით, ოპოზიციური პარტნიორებისგან გამიჯვნით, შემდეგ კიდევ ამ სულელური ტექსტებით, რომ „ვინც მეტს შემომთავაზებს, „ოცნება“ იქნება თუ სხვა პარტია, იმასთან ერთად ვიქნები, ვინც უფრო გაიზიარებს „გირჩის“ მიდგომებს“. თუ „ოცნება“ შენი შესაძლო პარტნიორი შეიძლება იყოს, მაშინ უკვე ისეთი ვითარებაა, რომ შენ აღარა ხარ ოპოზიციურ ფლანგზე“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.