დავით ბაქრაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა - თუ ეს ორგანიზაცია ეფუძნება ღირებულებებს და ადამიანის უფლებებს, ვერ ვხედავ რუსეთის ამ სივრცეში დაბრუნების ვერანაირ მიზეზს
არ მინდა, ვიყო ყველა იმ დანაშაულის მხარდამჭერი, რომელსაც რუსეთი ჩადის და იმედი მაქვს, რომ ეს არც თქვენ გსურთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხზე მსჯელობენ.
„დღეს ჩვენ განვიხილავთ საკითხს, რომელსაც ფუნდამენტალირი გავლენა ექნება ამ ორგანიზაციის მოვლენაზე და იმოქმედებს ჩვენს სამომავლო საქმიანობაზე. ეს არ არის პროცედურული გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება რუსეთისთვის დაბრუნების შესაძლებლობაზე. რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან. თუ ორგანიზაციისთვის ფული და ძალაუფლება უფრო მნიშვნელოვანია მაშინ კი, მე ვხედავ მიზეზს, მაგრამ თუ ეს ორგანიზაცია ეფუძნება ღირებულებებს, პრინციპებს და ადამიანის უფლებებს, მე ვერ ვხედავ რუსეთის ამ სივრცეში დაბრუნების ვერანაირ მიზეზს. მოდით, შევხედოთ ფაქტებს. ჩვენ ვმსჯელობთ იმ ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც არღვევს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს, საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის განგრძობადი ოკუპაციით, ყირიმის ანექსიით, დონბასში ომით“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, საუბარია იმ ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც არღვევს ათი ათასობით იძულებით გადაადგილებული ადამიანის უფლებას, იცხოვრონ ოჯახებთან ერთად საკუთარ სახლებში.
„ჩვენ მსჯელობთ ისეთი ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც ყოველდღიურად იტაცებს და აწამებს ადამიანებს ჩემს ქვეყანაში, საქართევლოში. ვსაუბრობთ ისეთი ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აჩვენა სრული უპატივცემულობა ამ ორგანიზაციის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებასთან მიმართებით. ჩვენ მივიღეთ ათობით რეზოლუცია საქართველოზე და უკრაინაზე. მომიყვანეთ ერთი მაგალითი, როდესაც რუსეთმა რომელიმე შეასრულა. არც ერთი. ამ ორგანიზაციის სრული უპატივცემულობა. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც აგრძელებს მეზობლებზე ზეწოლას, ქვეყანაზე, რომლის პრეზიდენტმა, პუტინმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალი ტალღის შესახებ. ჩემი რამდენიმე კოლეგისგან მოვისმინე, შეცვლის თუ არა რამეს სანქციები. სულ ცოტა, სანქციები არის გზავნილი, რომ ეს არ არის მისაღები და ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს. რუსეთის ამ ორგანიზაციაში დაბრუნებით, ჩვენ ვამბობთ, რომ მისი ქცევა ნორმალურია. ახდენ მეზობლების ოკუპაციას, არაუშავს, შენ შეგიძლია უკან დაბრუნება. აწამებ მშვიდობიან მოქალაქეებს, არაუშავს, შეგიძლია, უკან დაბრუნდე. ამ ორგანიზაციაში რუსეთის დაბრუნება იქნება ყველა იმ დანაშაულის მხარდაჭერა, რასაც რუსეთი ჩადის. ძვირფასო კოლეგებო, არ მინდა, ვიყო ყველა იმ დანაშაულის მხარდამჭერი, რომელსაც რუსეთი ჩადის და იმედი მაქვს, რომ ეს არც თქვენ გსურთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხს განიხილავენ. ორგანიზაციაში რუსეთის დელეგაციას სანქციები 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესეს. რუსეთის შესაძლო დაბრუნების შესახებ კენჭისყრა რამდენიმე საათში დაიწყება. მანამდე საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.