დავით ბაქრაძე - ყველა ეგზიტპოლი აჩვენებს, რომ სურათი არის აჭრილი, ისეთი კონფიგურაციაა, როცა თითოეული ხმა გადამწყვეტი იქნება
ყველა ეგზიტპოლი აჩვენებს, რომ სურათი არის აჭრილი, დღეს ისეთი კონფიგურაციაა, როცა თითოეული ხმა გადამწყვეტი იქნება იმის განსაზღვრისთვის, რომელ მხარეს არის ხელისუფლება, ვიდრე ეს არ გაირკვევა, არჩევნების საბოლოო შეფასებისგან თავს შევიკავებთ, – ამის შესახებ შემაჯამებელ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
ბაქრაძის განმარტებით, მათი პარტიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო ხმების 37,4 პროცენტი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 28,9 პროცენტი, „ევროპულმა საქართველომ“ – 10 პროცენტი.
„რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგი უკვე გამოცხადდა – ყველა ამ შედეგს ორი რამ აერთიანებს. შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში.
როცა ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები, ყველა ხმა და ყველა პროცენტი არის მნიშვნელოვანი იმის დასათვლელად, როგორ დაჯდება ხმები და ვის ხელში იქნება ხელისუფლება. ასეთ პირობებში, ჩვენთვის ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ცესკო-ში ხმების დათვლას. მივმართავ „ევროპული საქართველოს“ წევრებს – საარჩევნო უბნებში, ოლქებში, ცესკო-ში გადაწმყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული ხმისთვის ბრძოლას. მას შემდეგ, რაც ოფიციალური მონაცემები დაიდება, არჩევნებთან დაკავშირებით შემდეგ განცხადებას გავაკეთებთ“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
ბაქრაძის თქმით, ყველა ეგზიტპოლში პასუხში უარის მაჩვენებელი მაღალია, რაც გაურკვევლობას ქმნის. ამასთან, დავით ბაქრაძემ კენჭისყრის დღეს გამოვლენილ დარღვევებზეც ისაუბრა.
„უნდა დაველოდოთ ოფიციალურ მონაცემებს, დავიცვათ ხმები და ცესკო-ს დაველოდოთ. კენჭისყრის დღე იყო ძალიან მძიმე. ვიხილეთ, დარღვევების მთელი კასკადი, ვიხილეთ ფიზიკური ინციდენტები, მოსყიდვა და თანხის დარიგება. ყველაფერი, რაც ცუდია, მოხდა დღესაც, ოღონდ, ხილულად და უფრო მასშტაბურად. არჩევნების შესაფასებლად გვაკლია ხმების დათვლის პროცესი, რაც არის მთავარი კომპონენტი“, – დასძინა ბაქრაძემ.
გარდა ამისა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციას დღეს არ შეუერთდება.
ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა, ოთხივეს შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა.