დავით ბაქრაძე - წარმოუდგენელია პოლიტიკური თანხმობა ისე, რომ თანხმობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არ იყოს პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხი
დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, წარმოუდგენელია პოლიტიკური თანხმობა ისე, რომ თანხმობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არ იყოს პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხი.
დავით ბაქრაძე დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, სადაც დისკუსიის საგანი ეროვნული თანხმობის საკითხი იყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს დავით ბაქრაძემ განუცხადა, მიმდინარე კვირაში პრეზიდენტი აპირებს, სხვა პოლიტიკურ ძალებს, პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს შეხვდეს, სადაც განსახილველი თემა – ეროვნული თანხმობა იქნება და არა შერიგება, რაც აბსოლუტურად განსხვავებული პროცესია ხანძგრძლივობით და სირთულით.
„მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ თანხმობაზე და შევთანხმდეთ იმაზე, როგორ ვცხოვრობთ და რას ვაკეთებთ ამ ქვეყანაში. უნდა შევთანხმდეთ, რომ ოკუპაცია არის ცუდი, ნატო – კარგი. პოლიტიკური დევნაა ცუდი, ასევე ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია. პოლარიზაცია ქვეყანას უკიდურესად აზიანებს. თუ არსებობს ერთი შანსი, რომ ნაბიჯები გადავდგათ პოლარიზაციის შესამცირებლად და ძირითად პრინციპებზე თანხმობის მისაღწევად, მიმაჩნია, რომ ეს შანსი უნდა იყოს გამოყენებული და ეს შანსია ის პროცესი, რაც პრეზიდენტმა დაიწყო. ალბათ, რაღაც ეტაპზე, შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტი ამ მოსაზრებების საფუძველზე საკუთარი პოზიციით წარდგება“, – აღნიშნავს ბაქრაძე.
დეპუტატს მიმაჩნია, რომ ამ პროცესში ყველა მხარე პოლიტიკური წინაპირობების გარეშე უნდა შევიდეს.
„ციხეში მყოფი ლიდერების არსებობა ან დასაჭერად გამზადებულ პოლიტიკურ ლიდერებზე საუბარი პოლიტიკური წინაპირობა არაა, ეს არის ობიექტური რეალობა, რაც უნდა გამოვასწოროთ. ამიტომ, გამოსავალი ვერ იქნება პოლიტიკური დევნის თემის დავიწყება, პირიქით, ეს თემა უნდა მოვაგვაროთ და ამით გზა გავუხსნათ სხვა საკითხებს. მიხეილ სააკაშვილის საკითხის გარეშე, ასევე ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ავთო წერეთლისა და ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტის გარეშე თანხმობა ვერ შედგება ძირითად საკითხებზე. რა გზით მოხდება ამ საკითხის მოგვარება, სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს ეს პროცესი და შედეგები. წარმოუდგენელია პოლიტიკური თანხმობა ისე, რომ თანხმობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არ იყოს პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხი. საკითხი გადასაწყვეტია, რა გზით გადაწყდება, უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა ბაქრაძემ.