დავით ბაქრაძე „ვაშინგტონ თაიმსში“ წერილს აქვეყნებს - დასავლეთის თანამეგობრობაში საქართველოს მყარი პოზიცია გააძლიერებს კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობას
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე „ვაშინგტონ თაიმსში“ (The Washington Times) გამოქვეყნებულ წერილში რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მძიმე შედეგებსა და ჰიბრიდული ბრძოლის გააქტიურებულ სტრატეგიას აღწერს. წერილის თარგმანს აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„თორმეტი წლის წინ, ამ თვეს, რუსული ტანკები და ჯარი შემოიჭრა საქართველოში და უკანონო საზღვრების დაწესებით საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი გამოგლიჯა. კრემლის განკარგულებით, რუსული ძალები აგრძელებენ აღნიშნული ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიას და ამავე დროს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მემკვიდრეობის კვალის წაშლას.
ბოლო დროს, რუსეთმა იარაღად ჰიბრიდული ბრძოლა შეარჩია და დეზინფორმაციის სამიზნედ ამოიღო „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული წარმატებული პასუხი“, – აცხადებს დავით ბაქრაძე წერილში.
საქართველოს ელჩი აღნიშნავს, რომ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მიიღო, რომელიც გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებს და ქართველების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებულ პირებს სანქციებს უწესებს. მისივე თქმით, ამჯერად სენატმა უნდა დაამტკიცოს აღნიშნული კანონი, რაც ჰიბრიდული თავდასხმის ხიფათისადმი ეფექტურ პასუხს და საქართველოს მდგრადობას მნიშვნელოვან სიმყარეს შესძენს.
„უსაფრთხოების მიმართულებით დასავლეთთან კავშირების გამყარებასთან ერთად, კონფლიქტის მოგვარების მიზნით საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულ მუშაობას აგრძელებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან რათა მათ რუსეთის მიმართ ზეწოლა გაზარდონ.
დასავლეთის თანამეგობრობაში საქართველოს მყარი პოზიცია გააძლიერებს კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობას, რაც არ შეიცავს საფრთხეს რუსეთისათვის.
რუსეთის მხრიდან კარგი სტარტი იქნებოდა საქართველოდან ჯარების გაყვანა, ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება, და დეზინფორმაციისა და ზეწოლის შეწყვეტა“, – წერს დავით ბაქრაძე ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნებულ წერილში, რომლის თარგმანსაც აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.