დავით ბაქრაძე - ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველგვარი შურისძიების გარეშე წაიყვანს ქვეყანას წინ
დღეს, საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი, რომ მმართველობის ექვსი წლის თავზე „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა ძალიან ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
„არ შესრულდა ის დაპირებები, რომლის გამოც ხალხმა 2012 წელს ახალი ხელისუფლება აირჩია; ცხოვრება უკან წავიდა, სიღარიბე გაიზარდა, მოიმატა პრობლემებმა და გაჭირვებამ. ამ ყველაფრის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის წინ წაყვანა არ შეუძლია და ქვეყანა დღეს უძრაობასა და ჭაობში იმყოფება“, – განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მისი პოლიტიკური ძალის ამოცანაა, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები გამოიყენოს, რათა ქვეყანა ჭაობიდან, უძრაობიდან ამოიყვანოს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს ყოველგვარი არეულობის, დაპირისპირებისა და რევანშის გარეშე გააკეთოს.
„ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა და მე ვარ ის კანდიდატი, რომელიც აცხადებს, რომ აუცილებელად დავამარცხებთ ხელისუფლებას, აუცილებელად წავიყვანთ ქვეყანას წინ და ამას ყოველგვარი დაპირისპირების, შურისძიებისა და ანგარიშსწორების გარეშე გავაკეთებთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.