დავით ბაქრაძე - ტრაგიკული რეალობაა, რომ პრემიერის კანდიდატურა შეირჩევა იმის მიხედვით, რამდენად მოუგრეხს ხელს ოპოზიციას
ფუნდამენტურად ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ დღეს ერთპარტიული პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება, რაიმე ფორმით განმუხტავს კრიზისს. ამ პარლამენტს თავად აქვს ლეგიტიმურობის პრობლემა, ამ პარლამენტს თავად აქვს იმის პრობლემა, რომ არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას არჩევნების შედეგად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრემიერი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ვერ შეძლებს.
ამიტომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრემიერი, ვინც არ უნდა იყოს, ვერ იქნება და არ იქნება ის ფიგურა, რომელიც ამ კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას. რაც შეეხება კონკრეტულად ღარიბაშვილს, თუ ამ გუნდს და „ოცნების“ რადიკალურ ჯგუფს, რომელიც დღეს მართავს ვითარებას იმედი აქვს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნებით, დაბრუნდება ასევე წარსული და დაბრუნდება ყველაფერი ის, რაც ხდებოდა 2014-2015 წლებში, ეს იქნება საბედისწერო ილუზია. რადგან ის, რაც ხდებოდა, ვეღარ დავბუნდება. დღეს არც ქართული საზოგადოება და არც ჩვენი უცხოელი პარტნიორები არ დაუშვებენ, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს და მოხდეს ყველაფერი ის, რაც ხდებოდა წარსულში. ნებისმიერი მცდელობა, უბიძგოს საზოგადოებას მეტი დაპირისპირებისკენ, მეტი უფსკრულისკენ, მეტი ჩატეხილი ხიდისკენ, ძალადობისკენ, ნებისმიერი ასეთი მცდელობა დღეს ეწინააღმდეგებ საქართველოს ინტერესს, იქნება დამღუპველი „ქართული ოცნებისთვის“, იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. ამიტომ, ამას არც ჩვენ და არც ჩვენი უცხოელი მეგობრები არ დავუშვებთ.
ღარიბაშვილის დანიშვნა და ნომინირება, არის სწორედ სიგნალი იმისკენ, რომ სამწუხაროდ, დღეს „ქართულ ოცნებაში“ არ უნდათ ამის გააზრება და „ქართული ოცნების“ დღევანდელი რადიკალური გუნდის მთავარი ამოცანაა, საკუთარი ძალაუფლების დეკონსტრირება, თუნდაც ეს მოხდეს ქვეყნის დანგრევის ხარჯზე. ტრაგიკული რეალობაა, როცა ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა შეირჩევა იმის მიხედვით, რამდენად ხელს მოუგრეხს ის ოპოზიციას და არა იმის მიხედვით, რამდენად დაამარცხებს უმუშევრობას, არა იმის მიხედვით, როგორ მართავს პანდემიას, არა იმის მიხედვით, როგორ გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან. არამედ ერთადერთი ნიშნით, რაც შეიძლება აგრესიული იყოს ოპოზიციის მიმართ. ეს არის ძალიან მძიმე პერსპექტივისკენ გადადგმული ნაბიჯი. ვიმეორებ, ეს დანიშვნა მოხდება ერთპარტიულ პარლამენტში, მაგრამ ჩვენც, საზოგადოებაც და ჩვენი პარტნიორებიც არ მივიღებთ იმ თამაშის წესებს, რომელიც იყო 2014 წელს, რომელსაც მოჰყვებოდა აგრესია, პოლიტიკური დევნა და რომელიც საბოლოოდ დაანგრევს ქვეყანას. ამ ქვეყნის მომავალი გადის მოლაპარაკებაზე, დიალოგზე, მშვიდობაზე და არა ოპოზიციასთან ბრძოლაზე, ძალადობასა და დაპირისპირებაზე. თუ „ოცნება“ აირჩევს ამ გზას, ეს იქნება „ქართული ოცნების“ ძალიან სწრაფი და ცუდი დასასრული“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.