დავით ბაქრაძე - ტონი, რომლითაც „ფრონტერას“ მხარდამჭერი კონგრესმენები აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, არის აბსოლუტურად მიუღებელი
დავით ბაქრაძე - ტონი, რომლითაც „ფრონტერას“ მხარდამჭერი კონგრესმენები აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, არის აბსოლუტურად მიუღებელი

ტონი, რომლითაც „ფრონტერას“ მხარდამჭერი კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, არის აბსოლუტურად მიუღებელი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, კომპანია „ფორნტერა“ სამართლებრივ დავაშია საქართველოს სახელმწიფოსთან.

„ის ტონი, რომლითაც „ფრონტერას“ მხარდამჭერი კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს წლების განმავლობაში გამოცდილება, კონკრეტულად ამ კომპანიის მხარდამჭერ კონგრესმენებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც. აშშ-ს კონგრესში არის არაერთი პოლიტიკოსი, რომლებიც წარმოადგენენ საკუთარ საამომრჩევლო ოლქს, ქართული რეალობიდან რომ გამოვიდეთ, თავიანთ მაჟორიტარულ ოლქს. კომპანია „ფრონტერას“ წარმომავლობის ადგილი არის ტეხასი და ოკლაჰომა, შესაბამისად, ამ კონგრესმენებს აქვთ თავიანთი ინტერესი, რომ მხარი დაუჭირონ კომპანიას, რომელიც არის სამართლებრივ დავაში საქართველოს სახელმწიფოსთან. ამ კონტექტსში ჩვენ წლების განმავლობაში ვნახეთ არაერთი წერილი, არაერთი რეზოლუციის პროექტი, მათ შორის საკანონდებლო აქტის პროექტიც იყო წარდგენილი ორჯერ საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც არანაირი ლოგიკური გაგრძელება აშშ-ის კონგრესში არ მოჰყოლია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, საქართველო ძალიან გახსნილია და ყოველთვის ჩართულია კონგრესთან კომუნიკაციაში.

„ამ თვალსაზრისით არაერთი ინიციატივა გვაქვს, რომელიც შემდეგ სამაგალითო გახდა სხვა საელჩოებისთვის და ჩვენ კომუნიკაციის ნაკლებობას არ განვიცდით“, – განაცხდა ბაქრაძემ.

ელჩმა საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელის წერილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა იყო.

„ხალხი, ვინც ამ ინფორმაციას აწვდის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებს, ძალიან უხერხულობაში აყენებენ მათ, რადგან ისინი გარკვეულ არაზუსტ ინფორმაციაზე აწერენ ხელს, თუმცა ჩვენ ამ მხრივ გახსნილობის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, როგორც სამუშაო, ისე კომიტეტის წევრების, ისე თავმჯდომარეების დონეზე, სრულ  და ზუსტ ინფორმაციას ვაჩვენებთ იმ უზუსტობების, რომელიც აღნიშნულ წერილში იყო“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბაქრაძემ.